ხელისუფლების მოდელი, რომ ოპოზიცია მოქმედებს გარედან გაკეთებული რეცეპტებით, მეჩვენება რეალურად, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა და ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„იმიტომ, რომ უცხოელებმა რამდენჯერმე განაცხადეს, აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ პროტესტი არის და საქართველოში ხელისუფლება არაა პოპულარული; ხალხი ხომ ბუნდოვანი ცნებაა? ამიტომ, ყველა ადვილად ხმარობს და აცხადებენ, რომ ხალხი არის უკმაყოფილო. არჩევნებში არჩართვა მუდმივი ფორმულა არ არის. აქამდე მათ სჭირდებოდათ პროტესტი და ახლა, მე მგონი, აღარ სჭირდებათ. ახლა რაღაც პოლიტიკური წონის მქონე ჯგუფები სჭირდებათ და პოლიტიკურ წონას სჭირდება არჩევნებში მონაწილეობა. მარტივად ფიქრობენ ჩვენი მეგობრები იმაზე, როგორი პოლიტიკა უნდა იყოს საქართველოში. მიიღებენ მერე, ასე ვთქვათ, სტატუსიან პოლიტიკოსებს და არა ქუჩაში მყოფ პოლიტიკოსებს. რა თქმა უნდა, ეს ურჩევნიათ და მერე ისევ გაგრძელდება იგივე სურათი, ეს სტატუსიანი პოლიტიკოსები გავლენ ქუჩაში და პროტესტს გამოაცხადებენ, ოღონდ ამას უკვე უფრო მაღალი ჟღერადობა ექნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუკი მათ ეს სტატუსი ამა თუ იმ წარმომადგენლობით ორგანოში არ ექნებათ. უსტატუსო პოლიტიკოსი მაინც ნაკლებად ანგარიშგასაწევია“, – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, დასავლეთში გარკვეულ ჯგუფებში არის რადიკალიზაციის ტენდენცია, რაც მერე გადმოდის ხოლმე აქეთ, გარკვეულ რადიკალურ პარტიებზე.
„გარდა მათი რადიკალიზაციისა, „ფეისბუკს“ ყველა ვადევნებთ თვალს და აშკარად ჩანს, რომ მათი მხარდამჭერებიც რადიკალურები არიან, რაც სიმართლე გითხრათ, ლოგიკურად კარგად არ მესმის. იმიტომ, რომ მხარს თუ უჭერ პარტიას, უნდა გინდოდეს, რომ ის პარტია შევიდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში და პარტია მარტო ქუჩაში და ბოიკოტისთვის რად გინდა, გაუგებარია. ან პარტია არ გეცოდება, ან შენი თავი? მაგრამ ხმას აძლევენ და მხარს უჭერენ. აი, ასეთი რადიკალური მომხრე ბევრია საქართველოში და, გარდა უცხოელებისა, აქაურ რადიკალურ ამომრჩეველს უწევენ ანგარიშს ჩვენი ეს რადიკალური პარტიები“, – განაცხადა საყვარელიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად თანმიმდევრულია სალომე ზურაბიშვილი და წინააღმდეგობის პლატფორმა საკუთარ შეთავაზებებში, სტრატეგიასა და ტაქტიკაში, როცა სხვებს გადაწყვეტილებას უწუნებს, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ნამდვილად გულშემატკივრობდა, თანმიმდევრული რომ ყოფილიყო, სხვანაირად დალაგდებოდა პირადად მისი და ქართული პოლიტიკის ისტორიაც.
„ის არ არის თანმიმდევრული, რა თქმა უნდა, შექმნილი მდგომარეობის ლოგიკიდან არ გამოდის, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა პოლიტიკურ კონტექსტში მოქმედებს ზურაბიშვილი, ვისთან აქვს კონტაქტები, ვინ რას ითხოვს მისგან, ვის რა ვალდებულებით პასუხობს თავად და ამ ფონზე, ერთადერთი, რაც ზედაპირზე გვრჩება, არის ის, რამდენი ადამიანი გაჰყვება ზურაბიშვილს. კარგი, გააკეთა ესა თუ ის განცხადება, მაგრამ არის ის ის ფიგურა, რომელიც ხალხს გაიყოლიებს, როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ძალიან რეალისტური, ლოგიკური თუ პერსპექტიული? ასეთი ფიგურა ქალბატონი სალომე არ არის, შესაბამისად, არც მის განცხადებებს არ აქვს წონა და არ მგონია, მის პოლიტიკურ პლატფორმას პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ამდაგვარი რეპლიკები რყევებისთვის გამოდგება, მაგრამ შემოდგომა კარგი სეზონია საქართველოში და ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური სეზონი უფრო მშვიდი იქნება, ვიდრე ახლაა. ბუნებრივია, ქალბატონ სალომეს არ უნდა, თავისი გზიდან მკვეთრი გადახვევა და ამიტომ თავის გზას ის ლოგიკურად მიჰყვება, იმ გზას, რაც აიღო დასაწყისში, რომ, არიქა, შეურიგებლები უნდა ვიყოთ, თუ არადა, ვართ რუსები“, – განაცხადა საყვარელიძემ.
შეკითხვაზე, რა შეფასებას მისცემს მამუკა ხაზარაძის და ოპოზიციის ცალკეულ ლიდერთა ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ თბილისი უნდა წაართვან „ოცნებას“, უნდა მოიგონ, უბრძოლველად არ უნდა დათმონ და რა შანსი აქვთ მათ არსებულ პირობებში, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ შეიძლებოდა, შეემუშავებინათ სტრატეგია, საქართველოს ადგილობრივი წერტილები აეღოთ და მერე უკვე საპარლამენტო არჩევნებზე ეზრუნათ, რადგან არის, ზოგადად, ასეთი სტრატეგია, მაგრამ „ჩვენმა ოპოზიციამ ეს არ მიიღო და მათ ახლა გაახსენდათ, რომ თბილისს თუ აიღებენ, თურმე კარგია“.
„თან, ივანიშვილის ჯინი აქვთ, რომ ივანიშვილს წაართმევენ რაღაც ორ მილიონი ადამიანის ხმას. არ მგონია, რომ ეს ასეთი პერსპექტიული იყოს. ჯერ ერთი, მერის თანამდებობის ასეთი პოლიტიზება, არ მგონია, მოხერხდეს ამ პირობებში და ვუყურებთ რა საპროტესტო აქციებს, არ მგონია, მათი მხარდამჭერების რაოდენობა იყოს საიმისო, რომ მათი პოპულარობა, უბრალოდ, კახი კალაძის რესურსებს გაუთანაბრდეს, ხელისუფლების რესურსებზე აღარ ვლაპარაკობ. იმიტომ, რომ კალაძემ მოახერხა და მერობის პერიოდი პლუსად დაიწერა. ბევრი რამ გააკეთა ისეთი, რაც სხვა მერს არ გაუკეთებია და ამდენად, მასთან სასაყვედურო შედარებით ნაკლები აქვს მოსახლეობას. ამიტომ მეეჭვება, ოპოზიციამ მოახერხოს ამასთან შეჯიბრი მხოლოდ პოლიტიკური მოტივით. სხვა მოტივი ხომ არ აქვთ? ოპოზიციური ფიგურები არ ეყოლებათ ასეთ თანამდებობაზე სამეურნეო გამოცდილებით და ამიტომ მეეჭვება, დიდი შედეგი ჰქონდეთ. ერთადერთი ფიგურა, რომელიც შეიძლება, ამ შემთხვევაში სერიოზული აღმოჩნდეს, თუკი მერის სავარძლისკენ წავა, არის ალბათ უფრო გახარია, რომელსაც აქვს სამეურნეო გამოცდილება, წონა და მას შეეძლება, სამეურნეო არგუმენტებით კამათი კახა კალაძის ფიგურასთან, მაგრამ იქ უკვე პოლიტიკური არგუმენტები წამოვა, საქართველოს მოსახლეობისთვის ცხადი გახდება, რომ თუკი მერიას აიღებენ, მიშას თუ მიშას ჯგუფს მოიყვანენ, ეს კი არავის არ უნდა. ეს გახარიასაც ეხება და მთელ ოპოზიციასაც“, – განაცხადა საყვარელიძემ.
