რამაზ საყვარელიძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტური დამტკიცება გაზრდის მუხტს, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს შეუწყობს ხელს
რამაზ საყვარელიძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტური დამტკიცება გაზრდის მუხტს, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს შეუწყობს ხელს

რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი ყოველი დანაშაულის დოკუმენტური დამტკიცება გაზრდის მუხტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოტანას შეუწყობს ხელს, რუსეთსა და მსოფლიოს შორის მშვიდობიან დაპირისპირებას გააძლიერებს და ა.შ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს პროცესში ერთი აგურია, მაგრამ ეს აუცილებელი აგურია, რომლის გარეშეც საქართველოს სახელი შესაძლოა, ჩაიკარგოს. დღეს მსოფლიოს რუსეთის რეალური სახის დანახვა სჭირდება და თუ ჩვენი მეომრები სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონში იბრძვიან, რის გამოც ათასი მადლობა გადაგვიხადეს, ჩვენმა იურისპრუდენციამაც უნდა იბრძოლოს, რათა რუსეთის რეალური სახე გამოჩნდეს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, დეოკუპაციის თვალსაზრისით დღეს არაფერი მოხდება, მაგრამ თანამედროვე, პუტინისეული რუსეთის სახის დახატვის პირველი შტრიხები საქართველოში კეთდება და ფაქტების იურიდიულად გამყარება ამ სურათის ასაწყობად არის საჭირო.

„თუ ეს სურათი ჩვენი იურისტების ხელშეწყობით მკაფიო იქნება, ხვალ და ზეგ უფრო მეტი ოპტიმიზმი გაჩნდება, რომ მსოფლიო პროცესები რუსეთს საშუალებას არ მისცემს, იგივე პოლიტიკა გააგრძელოს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

ამ განცხადებით რამაზ საყვარელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, სამართლებრივი თუ პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორია მისი მოლოდინი სტრასბურგის გადაწყვეტილების მიმართ.

პოლიტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის პერიოდში მსოფლიო რუსეთს ვერ ხედავდა და ეს პროცესი შედარებით პასიურად გაატარეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს რაღაც ფრაგმენტია, რომელიც რეგიონული კონფლიქტის დონეზე წყდება, მაგრამ უკრაინის შემდეგ გაიხსენეს, რომ ეს ამბავი საქართველოდან დაიწყო.