რამაზ საყვარელიძე - „ქართული ოცნების“ სახელის გატეხვის შედეგები არჩევნების დროს ამოტივტივდება
რამაზ საყვარელიძე - „ქართული ოცნების“ სახელის გატეხვის შედეგები არჩევნების დროს ამოტივტივდება

ყველა ერთმანეთს დაეთანხმება, რომ პრობლემა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სახელის გატეხვაშია, მიცემული პირობის შეუსრულებლობაში და ეს პრობლემა უფრო მეტად თავს გამოავლენს არჩევნების დროს, სახელის გატეხვის შედეგები იქ ამოტივტივდება, – ამის შესახებ ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ გამოსავალი უნდა იპოვოს.

„ვფიქრობ, საჭიროა ისეთი გამოსავლის ძებნა, რომელიც გადაჭრის ამ პრობლემას, აღადგენს და გაამთელებს გატეხილ სახელს. ამისთვის საჭიროა პროექტის ხელმეორედ შეტანა. დაახლოებით ის, რაც ირმა ინაშვილმა წამოაყენა. ამ პროექტის ხელმეორედ განსახილველად შეტანა არის საჭირო და იმ გადაწყვეტილებების უკეთესად მომზადება, რომელიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოელ პარტნიორებსაც მიაჩნიათ მიზანშეწონილად. მათაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ იმდენად არა პროპორციული წესით არჩევნები, ამერიკის მხარე ვერ გვირჩევს, თვითონ მაჟორიტარებით აქვს საარჩევნო სისტემა მოწყობილი, არამედ სიტყვის შენახვა არის მთავარი. რაც თქვი, უნდა შეასრულო“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო აწყობდეს.

„რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს „ქართული ოცნებისთვის“ გადამწყვეტი იმდენად არ არის, შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო აწყობს, რადგან „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თავიანთი პიარი დიდი ხანია, დაწყებული აქვთ. ახალი მათი არც სახეებია და არც სურვილები. არის უზარმაზარი სპექტრი ქართულ პოლიტიკაში, დიდი ოდენობა პარტიებისა, რომელთა დასახელებაც არ იცის ამომრჩეველმა. ვადამდელი არჩევნები ასეთ პარტიებს მოსპობს, მათთვის არის ვადები საჭირო. ასე რომ, ვადამდელი არჩევნებით ისევ ორ წევრიან პოლიტიკურ სცენასთან მივალთ და იქ იდგება ეს ორი პარტია. ამ მხრივ, წამგებიან მდგომარეობაში არიან მხოლოდ დანარჩენი პარტიები“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.