რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციას მთელმა ევროპამ მოუწოდა, პარლამენტში შესულიყვნენ და იქიდან ებრძოლათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციას მთელმა ევროპამ მოუწოდა, პარლამენტში შესულიყვნენ და იქიდან ებრძოლათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს

ელჩებმა ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიეს და ძალიან დიდი საქმე გააკეთეს, მაგრამ ეტყობა, მათი წონითი კატეგორია არ ჰყოფნიდა იმ ყინულების გატეხვას, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს და ახლა უკვე უფრო ძლიერი ჩართვა გახდა საჭირო, – ასე უპასუხა პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ ვერ მოხერხდა მხარეებს შორის შეთანხმება და რა პერსპექტივა აქვს მოლაპარაკებებს მედიაციის ფორმატში.

როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, ოპოზიციას მთელმა ევროპამ მოუწოდა, პარლამენტში შესულიყვნენ და იქიდან ებრძოლათ, მაგრამ ოპოზიციამ ეს არ გააკეთა.

„ოპოზიციას მთელმა ევროპამ მოუწოდა, პარლამენტში შესულიყვნენ და იქიდან თავქუდმოგლეჯილებს ებრძოლათ და ვინ არ შევიდა პარლამენტში?! პარლამენტში შესვლის ბარიერი ვინ იყო, ოპოზიცია თუ ხელისუფლება?! ამიტომ, ძალიან გასაკვირია, როცა საუბარი მიდის იმაზე, რომ ევროპა მხოლოდ ხელისუფლებისგან ითხოვს პასუხს. მათ ქუჩა არ უნდათ, რომ იყოს და ეს სრულიად ბუნებრივია“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, უცხოელებს არ სჯეროდათ, როცა უყვებოდნენ ამბავს, თუ როგორ გადააგდო ნიკა მელიამ სამაჯური და თქვა, რომ ვერ დაიჭერდნენ, რადგან პარტიის ლიდერი ასე არ უნდა იქცეოდეს.

„უცხოელებს ამბავს რომ უყვებოდნენ, არ სჯეროდათ, რომ პარტიის ლიდერი ასე იქცეოდა, როცა სამაჯური გადააგდო და თქვა, ვერ დამიჭერთო, რადგან პარტიის ლიდერი იქცევა ისე, როგორც არა პარტიის ლიდერი, არასოლიდურად და ესაა პრობლემა“, – განაცხადა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგის თქმით, ამ ეტაპზე ორი ძირითადი ძალა შერჩა – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“.

„არის ყბადაღებული თემა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ინახავს, რადგან იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას ის რაოდენობა არ მისცემს, რომ ხელისუფლებაში ისევ „ნაცები“ მოვიდნენო. აი, ამ სიტუაციაში გადავედით საპარლამენტო რესპუბლიკაზე. მართალია. ხალხი „ნაციონალებს“ არ მოუშვებს. 2012 წლის შემდეგ, მათ კანდიდატურა ყველა არჩევნებზე ჰყავდათ, მაგრამ გაყვანა ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს. ეს მაგათი კრიზისია და რომ ვერ მიხვდნენ, რა უნდა გააკეთონ, ეგეც მაგათი ბრალია“, – განაცხადა საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძემ ასევე განაცხადა, რომ რაც ყველაზე შემაშფოთებელია, შექმნილი ვითარების ფონზე საზოგადოებაში არის ძალიან დიდი ნიჰილიზმი და ეს ქვეყნის განვითარებას ამუხრუჭებს.

„ვერ წარმოიდგენთ, საზოგადოებაში როგორი გაუცხოებაა პოლიტიკის მიმართ. ჩემი კოლეგები პოლიტიკოსებზე გამოკვლევას ატარებენ, მაგრამ იქ ინტერესი წმინდა ფსიქოლოგიურია და პოლიტიკოსებზე შეეკითხებიან თუ არა, 80% იძახის, მაგათი გაგონება არ გვინდაო. სულ ერთია, ვინ. ანუ, მთლიანად პოლიტიკის მიმართ გაუცხოებაა და აი, ამას რას ვუშვებით? ამ ჭიდაობაში ხომ იმ მთავარ მოქმედ პირს ვივიწყებთ, რასაც ხალხი ჰქვია?! ის აღარ მოვა არჩევნებზე, საერთოდ. ერთსაც შეაგინებს და მეორესაც, არ გაუჭირდება“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.