რამაზ საყვარელიძე - ლოგიკური წინააღმდეგობები IRI-ის კვლევის მიმართ უნდობლობას აჩენს
რამაზ საყვარელიძე - ლოგიკური წინააღმდეგობები IRI-ის კვლევის მიმართ უნდობლობას აჩენს

IRI-ის კვლევების მიხედვით, ,,ქართული ოცნების’’ რეიტინგის კლების გარდა, რეიტინგი მომატებული აქვს „ნაციონალურ მოძრაობას’’, თუმცა ეს მატება გაცილებით მეტია, ვიდრე „ოცნების“ დაკლებული რეიტინგი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყავრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ლოგიკური წინააღმდეგობები IRI-ის კვლევის მიმართ უნდობლობას აჩენს.

„ეს ლოგიკური წინააღმდეგობები აჩენს უნდობლობას კვლევის მიმართ და ტოვეს შთაბეჭდილებას, რომ კვლევა პოლიტიკური ტენდენციებით ხასიათდება, რომელიც ობიექტურ სურათს მგონი, არ იძლევა“ ,- აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება კითხვას, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ჩატარებულ კვლევაში, რატომ შეიძლება იყოს გაზრდილი პოლიციის რეიტინგი, რამაზ საყვარელიძე პასუხობს: ,,თუ ვინმეზე უნდა ჰქონოდათ გამოკითხულებს ნეგატიური დამოკიდებულება, ეს პოლიციაზე უნდა ყოფილიყო. „ქართული ოცნების’’ რეიტინგის დაცემის თაობაზე ლაპარაკი ბევრია, ისედაც რეიტინგის დაცემის ტენდენცია ჩანს. ამიტომ, დიდად არ გამკვირვებია. ამაში არ არის ტრაგედია, ერთი წელი წინ აქვთ,  მათი რეიტინგიც მოიმატებს და ოპოზიციისაც მოიმატებს. როდესაც გამოკვლევაში არალოგიკურობაა, ვერ ეყრდნობი ვერც ერთ შედეგს. ვერც იმას, რომ ვიღაცის რეიტინგმა მოიმატა და ვერც მეორეს, რომ ვიღაცამ დაიკლო. შედეგების მიმართ გიჩნდება უნდობლობა და ესაა დასანანი. მიჭირს თქმა, კვლევაში ხარვეზი ტექნიკურია, თუ პოლიტიკური ტენდენციებია“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის მიხედვით, მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 23 პროცენტი ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ 15 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ 5 პროცენტი.

„ლეიბორისტულ პარტიას“ ხმას მისცემდა 5 პროცენტი, გამოკითხულთა 4 პროცენტი ხმას მისცემდა „პატრიოტთა ალიანსს“, „სამოქალაქო მოძრაობა“ – 3 პროცენტი, „ახალი საქართველოსთვის“- 2 პროცენტი, „დემოკრატიულ მოძრაობა-გაერთიანებული საქართველოსთვის“ ასევე 2 პროცენტი.  „ლელოს“ გამოკითხულთა 2 პროცენტი მისცემდა ხმას, „გირჩს“ – 1 პროცენტი, „შენების მოძრაობა“ – 1 პროცენტი.

გამოკითხულთა 32-მა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის, ან არ სურს პასუხის გაცემა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.

დატოვე კომენტარი