რამაზ საყვარელიძე - გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების განწყობა კიდევ უფრო დადებითი გახდება
რამაზ საყვარელიძე - გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიმართ საზოგადოების განწყობა კიდევ უფრო დადებითი გახდება

ბიძინა ივანიშვილის გზავნილები იმის დასტურია, რომ პოლიტიკურ მონოპოლისტობას არ აპირებს და ქვეყნის ინტერესებს პარტია “ქართულ ოცნებაზე” მაღლა აყენებს – ეს განცხადება ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას გააკეთა.

რამაზ საყვარელიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ძირითადი და მთავარი სათქმელი ზეპარტიულობა იყო.

“მას სურდა, საზოგადოებისთვის თავის პოზიცია გაეზიარებინა. ამ ინტერვიუში გარკვეული სიახლეები იყო. მაგალითად უფრო მეტი აქცენტი იყო იმაზე, რომ ივანიშვილი არ აპირებს, პოლიტიკური მონოპოლისტი იყოს. პრეზიდენტის კანდიდატურაც კი დასაშვებად მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დათმოს. არა იმიტომ, რომ კანდიდატის დასახელება არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის სურათი და მრავალპარტიულობა იყოს. ქვეყნის მდგომარეობა უფრო წინ იყო დაყენებული ვიდრე თვითონ პარტია”, -განაცხადა საყვარელიძემ.

საყვარელიძე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის მიზეზებზე და შესაძლო შედეგებზე საუბრისას აცხადებს, რომ გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიმართ საზოგადოების განწყობა კიდევ უფრო დადებითი გახდება.

“ინტერვიუს შემდეგ ბიძინა ივანიშვილისადმი დამოკიდებულება უფრო ადეკვატური იქნება. ადეკვატური იმ მხრივ, რომ იგი აღარ იქნება საზოგადოებაში აღქმული ისე როგორც ერთი კონკრეტული პარტიის უპირობო დამცველი. აღქმული იქნება, როგორც პლურალიზმის მომხრე. ამან შესაძლოა, მმართველი გუნდიც უფრო აქტიური გახადოს”, – განმარტავს რამაზ საყვარელიძე.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გავიდა.