რამაზ საყვარელიძე - ჩვენთან პარტიები სლოგანებს მაჟორიტარულზე აკეთებენ მაშინ, როცა სისტემა პროპორციული გვაქვს
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთან პარტიები სლოგანებს მაჟორიტარულზე აკეთებენ მაშინ, როცა სისტემა პროპორციული გვაქვს

ჩვენთან პარტიები სლოგანებს მაჟორიტარულზე აკეთებენ მაშინ, როცა სისტემა პროპორციული გვაქვს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

სლოგანებს და ატრიბუტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაჟორიტარულ სისტემაში. იმიტომ, რომ იქ თითოეული პოლიტიკოსი მუშაობს. პროპორციულში სლოგანი იდეოლოგიის სათაური უნდა იყოს, რაც მაჟორიტარულში არ არის საჭირო. ანუ, სლოგანის ხსენებაზე უნდა ხვდებოდე, მერე რა მოხდება. მაჟორიტარულში ეს აუცილებელი არ არის. ჩვენ ამ დროს, სლოგანებს ვაკეთებთ მაჟორიტარულზე და სისტემა პროპორციული გვაქვს, იდეოლოგია კი საერთოდ არც ერთ პარტიას არ აქვს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მიჰყვება ქართული პოლიტიკური სპექტრი საერთაშორისო ტენდენციებს, თუნდაც, პოლიტიკური კულტურის ნაწილში, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ამ მხრივ, საქართველო ცოტა არეული ქვეყანაა.

„ამ მხრივ, ჩვენ ცოტა არეული ქვეყანა ვართ“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა ტიპის გზავნილებია და რამდენად მუშაობს ამომრჩეველზე – „გუგავა მოვა“, „დაავალე მიშას“, „დაურეკე ალეკოს“ და ა.შ, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ასეთი სლოგანები გულშემატკივრებზე მუშაობს და არა გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე.

„თუ პარტიები არ იბრძვიან ხელისუფლებისთვის და იბრძვიან რაღაც რაოდენობის ხმებისთვის, მაშინ ისინი იმ სეგმენტზე გავლენ, საიდანაც ყველაზე მეტ ხმას ამოიღებენ. ასეთი, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ის ხალხი, ვისაც სიამოვნებს, რომ მიშას რამეს დაავალებს და საერთოდ, მიშას ხსენება სიამოვნებს, „გირჩისთვის“ ეს არის ახალგაზრდების სეგმენტი, რომლებიც აღფრთოვანებული არიან იმით, რომ თვითგამოხატვას შარვალმა შეიძლება, შეუშალოს ხელი და ა.შ. ანალოგიური სეგმენტი დიდხანს ჰქონდა „ოცნებასაც“ – „ნაციონალები მოვლენ“. ანუ, იმათი ხმები, ვისთვისაც „ნაციონალების“ მოსვლა იყო მიუღებელი. ამომრჩევლის ერთი სეგმენტის ინტერესი დღეს ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ უფრო აქვს, ვიდრე დანარჩენ პარტიებს. დანარჩენებს თავ-თავიანთი ხმების აღების, თავ-თავიანთი ადგილების და შესაბამისი დაფინანსების მიღების ინტერესით მოქმედებენ“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.