რამაზ საყვარელიძე - ჩვენს შემთხვევაში გვაქვს ინსტრუმენტული ბულინგიც და ემოციურიც, ხალხს სიამოვნებს სხვების ძაგება, ეს იმ მხრივაც პრობლემაა, რომ სოციალურ ქსელს არ აქვს კონტროლი
რამაზ საყვარელიძე - ჩვენს შემთხვევაში გვაქვს ინსტრუმენტული ბულინგიც და ემოციურიც, ხალხს სიამოვნებს სხვების ძაგება, ეს იმ მხრივაც პრობლემაა, რომ სოციალურ ქსელს არ აქვს კონტროლი

ჩვენ ვიცით შარპის ტექნოლოგია, სადაც მან ხავერდოვანი რევოლუციების ტექნოლოგია ჩამოწერა და იქ ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი არის ბულინგი, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მივყვებით ამ შარპს, ჩვენი ქართული სინამდვილე და 2003 წლის რევოლუცია არის შარპის რეცეპტით გაკეთებული რევოლუცია. მას შემდეგ ეს ჯგუფი – „ნაციონალები“ სულ მიჰყვება ამ გზას და აგრძელებენ. მაგალითად, რაც კობახიძეს გაუკეთეს. რა ფუნქცია აქვს მას, გარდა იმისა, რომ გამოთქვას სიძულვილი, მეტი ხომ არაფერი?! მოჰკიდეს დანარჩენმა ბავშვებმა ხელი, გამოიყვანეს, მაგრამ სოციალურ ქსელში რომ ნახოთ, რეაქციები ვისაც აქვს, ყველას კობახიძის საწინააღმდეგო აქვს, რადგან კარგია და ხელსაყრელია კობახიძის გინება, საერთოდ, ხელისუფლების გინება. ოპოზიციის გინება როდესმე გინახავთ? ძალიან იშვიათად. უბრალოდ, ახლა ძალიან დიდი შეცდომები რომ დაუშვეს, დაიწყეს გინება, თორემ ისე ხელისუფლება უნდა ვაგინოთ, აბა, რა? აგრესია რა არის ხომ? რომ დაჩაგრავ სიტყვით და ვისი დაჩაგვრა უფრო გემრიელია, ვინც ოლიმპოზე ზის თუ ვინც ჩვეულებრივი მოქალაქეა?“ – განაცხადა საყვარელიძემ.

ამ განცხადებით რამაზ საყვარელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იქცა თუ არა დღეს ბულინგი ბრძოლის მეთოდად პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.

საყვარელიძის თქმით, აგრესია არის ორი ტიპის, ინსტრუმენტული და ემოციური, დღევანდელ რეალობაში კი ადგილი აქვს ორივე სახის აგრესიას.

„აგრესია ორი ტიპისაა – ინსტრუმენტული, როდესაც რაღაცისთვის გჭირდება, დაკლავ ქათამს, რომ შეჭამო, და ემოციური, როდესაც კლავ, რადგან მოკვლა გსიამოვნებს და დახოცავ ამ ქათმებს. ჩვენს შემთხვევაში გვაქვს ორივე, ინსტრუმენტული ბულინგიც და ემოციურიც. ხალხს სიამოვნებს სხვების ძაგება და ესაა პრობლემა. ეს იმ მხრივაც არის პრობლემა, რომ სოციალურ ქსელს არ აქვს კონტროლი“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ შეიძლება, განხორციელდეს სოციალური ქსელის კონტროლი ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს ევროინტეგრაციაზე და სადაც არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლება აგრესიის თავისუფლებას არ ნიშნავს.

„როგორ ხდება განვითარებულ ქვეყნებში? ადამიანი სასამართლოში საჩივარს შეიტანს, სოციალური ქსელის მაკონტროლებელმა ჩემი შეურაცხყოფა დაუშვა და კომპენსაცია გადამიხადოსო. თუ ეს ჩვენთანაც არ იქნება, მაშინ შევეჩვიოთ, რომ იქნება ბულინგი. აგრესია ადამიანის ბუნებრივი გამოვლენაა, კლავს მეორე ადამიანს, იპარავს და ა.შ. აქ ხომ შემოიტანეს მექანიზმი სასამართლო გადაწყვეტილების სახით, თავისუფლება ხომ შეუზღუდეს ამ ადამიანებს და აქაც თუ არ შეუზღუდავ, მიიღებ იმ შედეგს, რომ ბულინგის შედეგად გექნება უზარმაზარი მსხვერპლი“, – განაცხადა საყვარელიძემ.

შეკითხვაზე, რამდენად თანხვედრაშია ევროპულ ღირებულებებთან პიროვნების მრწამსის შესწავლის მოთხოვნა მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, გვინდა ევროპა და ევროპული საზოგადოება, მეორე მხრივ კი, მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ორმა წევრმა თავად შექმნა სახიფათო პრეცედენტი, როდესაც პირდაპირ მოითხოვა ერთ-ერთი წამყვანის მრწამსის შესწავლა, რაც, ცხადია, ტელევიზიის თანამშრომელთა მხრიდან აღქმული იქნა თანამშრომელზე ზეწოლად, სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობად და რამაც წაახალისა სოციალურ ქსელში ამ წამყვანის და, ზოგადად, პირველი არხის თანამშრომლების მიმართ ბულინგი, საყვარელიძემ აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად არ არის თანხვედრაში ევროპულ ღირებულებებთან.