რამაზ დევაძის ადვოკატი - პრეზიდენტის შეწყალებით აღსრულდა მართლმსაჯულება, რადგან დევაძეს პოლიციელი განზრახ არ მოუკლავს
რამაზ დევაძის ადვოკატი - პრეზიდენტის შეწყალებით აღსრულდა მართლმსაჯულება, რადგან დევაძეს პოლიციელი განზრახ არ მოუკლავს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძის ადვოკატი დავით ჯაფარიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის შეწყალებით აღსრულდა მართლმსაჯულება, რადგან დევაძეს პოლიციელი განზრახ არ მოუკლავს და ეს შემთხვევითობა იყო.

„ეს იყო შემთხვევითობა. დევაძე პოლიციელსა და ერთ პირს შორის გაშველების მიზნით ჩაერთო საქმეში, ვიდეომტკიცებულებებში კარგად ჩანს ეს. სხვათა შორის, ვიდეოში ისიც გამოჩნდა, რომ მის წინააღმდეგ გამოყენებული მოწმეები შემთხვევის ადგილზე არც იმყოფებოდნენ. სამი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მტკიცებულებები, პრეზიდენტის ეს აქტი იყო მართლმსაჯულების აღსრულება“, – ამბობს დავით ჯაფარიძე.

მსჯავრდებული რამაზ დევაძე პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიაში მოხვდა. საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს მასთან შელაპარაკება მოუვიდა, ჩხუბის დრო მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.