ირაკლი სესიაშვილი ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების მიზნით, პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს
ირაკლი სესიაშვილი ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების მიზნით, პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების მიზნით, პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს.

როგორც პირველ არხს სესიაშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის, ნდობის ჯგუფში ორი ადამიანია, ვინაიდან, უმცირესობა დაიშალა და რეგლამენტში რეგულაცია არ არის იმის თაობაზე, ეს საკითხი როგორ დარეგულირდეს.

„შევეცდები, რომ მოლაპარაკება ვაწარმოო პოლიტიკურ ძალებთან და ჩამოვყალიბდეთ, როგორ უნდა მოხდეს ნდობის ჯგუფის დაკომპლექტება. რამდენიმე ვარიანტზე შეიძლება ვიფიქროთ. ისე არ უნდა წარმოჩინდეს, რომ მმართველი ძალა ძალადობს და მისთვის მისაღები ნდობის ჯგუფის არსებობა სურს. საპარლამენტო კონტროლის ეს მძლავრი ჯგუფი ისე უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომ დეპუტატებს ნდობით აღჭურვილი პირი ჰყავდეთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების მიზნით, „ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება. პირველი არხის ინფორმაციით, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა მყოფი დეპუტატები ორ კვოტას ხელმოწერების რაოდენობით აითვისებენ. კერძოდ, უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატებიდან ნდობის ჯგუფის წევრი ის გახდება, რომელიც მეტ ხელმოწერას წარადგენს.