ესპანეთში კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი ბავშვი მიიწვიეს – „რაიო ვალეკანოს“ ასაკობრივ გუნდში 16 წლის თემურ ინაიშვილი ითამაშებს – საქართველოს პირველ არხს ამის შესახებ მენეჯერი დემნა ოზაშვილი ესაუბრა.
„თემური „რაიო ვალეკანოს“ ასაკობრივ გუნდში ივარჯიშებს. მაგრამ შესაძლოა, სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი მთავარ გუნდში გაიაროს. მერე გადაწყდება, მთავარ გუნდში დარჩება თუ ასაკობრივ გუნდში განაგრძობს.
თემურ ინაიშვილი ერთი წელი „დინამოს“ აკადემიაში ვარჯიშობდა, შემდეგ კი 35-ე საფეხბურთო სკოლაში გადავიდა და ესპანეთში წასვლამდე ამ გუნდში ვარჯიშობდა, ხოლო „რაიო ვალეკანოში“ სექტემბრიდან აკვირდებოდნენ. ის პოზიციით შემტევი ნახევარმცველია.
საბოლოოდ, თემურის მიმართ ინტერესი გაუჩნდათ და იანვარში მისი ჩარიცხვა გადაწყდა. ამ პერიოდში იურიდიული საკითხების მოგვარება მიმდინარეობდა. რაც შეეხება კონტრაქტს, ორწლიანი იქნება“.