„რაინეარი“ კორონავირუსის გამო შემდეგი კვირიდან თითქმის ყველა ფრენას შეაჩერებს
„რაინეარი“ კორონავირუსის გამო შემდეგი კვირიდან თითქმის ყველა ფრენას შეაჩერებს

ავიაკომპანია „რაინეარიკორონავირუსის გამო შემდეგი კვირიდან თითქმის ყველა ფრენას შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ბიუჯეტური ავიაკომპანიის მიერ „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკანასკნელ დღეებში ევროპული ქვეყნების მიერ მოგზაურობასთან დაკავშირებით დაწესებულმა შეზღუდვებმა ავიაკომპანიის ავიარეისების გაუქმება გამოიწვია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მოქალაქეებმა მთავრობების გაფრთხილებას უნდა დაუჯერონ და მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

ავიაკომპანია მწუხარებას გამოთქვამს ფრენებთან დაკავშირებით არსებული შეფერხების გამო, თუმცა აღნიშნავს, რომ ადამიანების ჯანმრთელობა მათთვის პრიორიტეტულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ამჟამად საერთაშორისო მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსის 200 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 8 007 ადამიანი. კორონავირუსისგან განკურნება კი ამ დრომდე 82 030-მა ადამიანმა შეძლო.