რაიან გიგზი სასამართლოს წინაშე წარდგა - მან 2020 წელს ჩხუბისას შეყვარებულს თავი დაარტყა, მის დას - იდაყვი #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდას რაიან გიგზს ბრალი წაუყენეს ყოფილ შეყვარებულზე კეიტ გრევილზე და მის დაზე თავდასხმისთვის და მათთვის ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის. ამის შესახებ Aljazeera იტყობინება.
გიგზი 8 აგვისტოს წარდგა მანჩესტერის სასამართლოს წინაშე. უელსის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არ ცნო თავი დამნაშავედ იმ ბრალდებებზე, რომელიც ხუთი წლით პატიმრობას ითვალისწინებს.
მოგვიანებით გამოქვეყნდა ქალების მიმართ რაიან გიგზის სასტიკი მოპყრობის დეტალები.
2020 წლის ნოემბერში ყოფილმა ფეხბურთელმა სხეულზე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა თავის ყოფილ შეყვარებულს, 36 წლის კეიტ გრევილსა და მის უმცროს დას, 20 წლის ემას. ინციდენტი უორსლიში გიგზის სახლში მოხდა. უელსის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ასევე დაადანაშაულეს იძულებისა და კონტროლის შემცველი საქციელისთვის 2017 წლის დეკემბრიდან 2020 წლის ნოემბრამდე პერიოდში.
რაიანმა არ აღიარა, რომ ორ ქალს დაესხა თავს, მაგრამ 2022 წლის ივნისში დატოვა უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი, რადგან არ სურდა, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ეროვნული გუნდის მზადებისთვის არ შეეშალა ხელი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის.
სასამართლო მოსმენისას, პროკურორმა პიტერ რაიტმა განაცხადა, რომ გიგზს აღმერთებდნენ მისი თამაშის გამო, მაგრამ დახურულ კარს მიღმა „ხასიათის გაცილებით მახინჯი და ბოროტი მხარე აქვს“.
ნაფიც მსაჯულებს სასამართლოზე გამოუცხადეს, რომ 48 წლის გიგზის პირადი ცხოვრება უკავშირდება „მრავალრიცხოვან შეურაცხყოფებს – როგორც ფიზიკურს, ასევე ფსიქოლოგიურს – იმ ქალის მიმართ, რომელიც თითქოს უყვარდა. თუ მტკიცებულებებს დავუჯერებთ, ქალს სინამდვილეში ისე ეპყრობოდნენ, რომ არც რაიანის გულშემატკივრებს და არც კანონს შეუძლიათ ამის გამართლება ან თვალის დახუჭვა. ეს არის კონტროლისა და იძულების ისტორია ქალზე, რომელიც ფიქრობდა, რომ ის უყვართ და პატივს სცემენ. სამწუხაროდ, რეალობა სულ სხვანაირი აღმოჩნდა“.
პროკურორის სიტყვებით, „როცა კეიტ გრევილს თვალები აეხილა“, მან გადაწყვიტა გიგზი თავისი ცხოვრებიდან მოეშორებინა, რის შემდეგაც მოხდა კიდეც 2020 წლის 1 ნოემბრის ინციდენტი. მაშინ გიგზმა „დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი“ და გოგონას თავი დაარტყა.
იმ საღამოს, მანჩესტერის სასტუმრო Stock Exchange Hotel-ში მეგობრებთან ერთად ყოფნისას, ქალმა გადაწყვიტა შეეწყვიტა ყოფილ ფეხბურთელთან ურთიერთობა, როცა მისი მორიგი ღალატის შესახებ შეიტყო. ამის შესახებ მან დას უთხრა და გადაწყვიტა შინ მისულიყო და გიგზის დაბრუნებამდე აეღო თავისი ნივთები, მაგრამ ვერ მოასწრო.
რაიანი დაბრუნდა და კამათი დაიწყო. ის კეიტის შეჩერებას ცდილობდა. ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ჩააფრინდნენ და იატაკზე აღმოჩდნენ, რის შემდეგაც საქმეში კეიტის და ჩაერია. „ემა ცდილობდა თავისი და ბრალდებულისთვის მოეშორებინა. გიგზმა მას განზრახ ჩაარტყა სახეში იდაყვი“, – განაცხადა პროკურორმა.
წყვილმა სამზარეულოში გადაინაცვლა და ხმამაღალი კამათი გაგრძელდა. ამტკიცებენ, რომ ამ მომენტში გიგზმა სრულად დაკარგა საკუთარ თავზე კონტროლი და შეგნებულად დაარტყა შეყვარებულს თავი, რამაც ტუჩზე ნაიარევი გამოიწვია. ამასობაში, ემამ პოლიცია გამოიძახა, რომელიც ინციდენტის ადგილზე გამოცხადდა.
პროკურორმა განუცხადა ნაფიც მსაჯულებს, რომ გრევილს დაბლოკილი ჰყავდა გიგზი სოციალურ ქსელებში, ყოფილი ფეხბურთელი კი მას ელექტრონული ფოსტით წერდა. გიგზი ემუქრებოდა, რომ მეგობრებს გაუგზავნიდა „პირადი ხასიათის“ ფოტოებს, თუ ის იმას არ გააკეთებდა, რაც რაიანს სურდა. გიგზი ქალის სახლთან ჩნდებოდა, დაყვებოდა მას სპორტულ დარბაზში.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ერთხელ კეიტი სახლიდან გააგდო და მისი ნივთებიც გარეთ გაყარა, როცა ქალმა მისი საყვარლის შესახებ გამოუცხადა. გიგზმა ერთხელ ლონდონის სასტუმროს ნომერში ჩხუბის დროს მძიმე საგანი ესროლა კეიტს.
„ეს არ ყოფილა სიყვარულის გამოხატულება, ეს იყო მისი აკვიატებული საქციელი“, – განაცხადა პროკურორმა. მან ნაფიც მსაჯულებს წყვილს შორის მიმოწერის ათასობით შეტყობინებებიდან რამდენიმე წაუკითხა. ერთ-ერთში გიგზი წერდა: „გთხოვ, დამაბრუნე სოციალურ ქსელში. გპირდები, აღარ იქნება შიშველი ფოტოები“. რამდენიმე წუთში გიგზმა გოგონას ელექტრონული წერილი გაუგზავნა თემით „შანტაჟი“.
აღნიშნავენ, რომ სასამართლო პროცესი ორი კვირა გაგრძელდა, მაგრამ შეიძლება გაჭიანურდეს.