რაგბის მსოფლიო თასი | ინგლისის ნაკრებმა ფიჯი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში ინგლისის ნაკრებმა ფიჯი 30:24 დაამარცხა და ტურნირის მესამე ნახევარფინალისტი გახდა.
მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. ინგლისელებმა კარგად დაიწყეს და 14 წუთის შემდეგ 8:0 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ფიჯიმ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხა, ხოლო ინგლისელებმა გარდასახული ლელოთი 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. 28-ე წუთზე თავისი ლელო ფიჯიმაც დადო, თუმცა ინგლისმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 21:10 გავიდნენ.
მეორე ტაიმში ევროპელებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს, თუმცა კუნძულელები არ გატყდნენ. 64-ე და 68-ე წუთებზე ფიჯიმ ორი ლელო დადო, ორივე გარდასახა და ანგარიში გაათანაბრა – 24:24.
გადამწყვეტი შეტევა ინგლისის ნაკრებმა 72-ე წუთზე განახორციელა, მეტოქის ჩათვლის მოედანს მიუახლოვდა და არეკნით ოუენ ფარელმა თავისი გუნდი 27:24 დააწინაურა. ფარელმა მატჩის ბოლოსაც მოახერხა ჯარიმის გატანა თავისი გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.
2023 წლის მსოფლიო თასის ბოლო მეოთხედფინალში სამხრეთ აფრიკა საფრანგეთს დაუპირისპირდება. ამ მატჩში გამარჯვებული ნახევარფინალში ინგლისს შეხვდება.
ინგლისი – ფიჯი 30:24
ლელო: ტუილაგი, მარჩანტი, მატა, რავაი, ბოტიტუ.
გარდასახვა: ფარელი, ლომანი, კურუვოლი (2).
ჯარიმა: ფარელი (5), ლომანი.
არეკნი: ფარელი.