რაგბის მსოფლიო თასი | „ბრინჯაოს ფინალში“ ინგლისმა არგენტინა დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასზე „ბრინჯაოს ფინალში“ ინგლისის ნაკრებმა არგენტინა 26:23 დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.
ამ შეხვედრაში მთავარი არბიტრის ასისტენტად ქართველმა ნიკა ამაშუკელმა იმუშავა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე რვა შეხვედრა განსაჯა, მათგან სამი მთავარ მსაჯად, ხუთი კი ასისტენტის რანგში.
შეხვედრა ინგლისელებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიში მეორე წუთზე ოუენ ფარალის ზუსტი საჯარიმო დარტყმით გახსნეს, მე-13 წუთისთვის კი ინგლისელების უპირატესობა უკვე სოლიდური გახდა – 13:0.
სამხრეთამერიკელები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდნენ და ბოფალმა საჯარიმო დარტყმით სხვაობა მცირედით შეამცირა, ტაიმის ბოლომდე კი არგენტინელებმა ლელოს დადებაც მოახერხეს და პირველი ტაიმი ექვსი ქულით წააგეს – 10:16.
მეორე ტაიმის სტარტი საინტერესო აღმოჩნდა. ჯერ „პუმებმა“ (არგენტინის ნაკრების მეტსახელი) მოახერხეს ლელოს დადება – თავი სანტიაგო კარერასმა გამოიჩინა, ლელო კი ბოფალმა გარდასახა და არგენტინა დაწინაურდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთით, საპასუხო შეტევა ამჯერად უკვე ინგლისელებმა დააგვირგვინეს ლელოთი (თეო დანი), რომელიც ფარელმა ზუსტად გარდასახა და ევროპელებმა ექვსქულიანი უპირატესობა კლავ აღადგინეს – 23:17.
შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე არგენტინას ანგარიშის გათანაბრებისა და შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანის შანსი მიეცა, მაგრამ ნიკოლას სანჩესმა ჯარიმა არაზუსტად შეასრულა, საბოლოოდ კი ინგლისის ნაკრებმა მოახერხა თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა და მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლების მოპოვება.
28 ოქტომბერს კი „სტად დე ფრანსზე“ „დიდი ფინალი“ გაიმართება – მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს სამგზის მსოფლიო ჩემპიონები, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები შეხვდებიან, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
არგენტინა-ინგლისი 23:26
ლელო: კუბელი, კარერასი – ერლი, დანი
გარდასახვა: ბოფელი (2) – ფარელი (2)
ჯარიმა: ბოფელი (3), სანჩესი – ფარელი (4)