რაგბის კავშირში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს
რაგბის კავშირში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს

თბილისში, რაგბის კავშირში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებაში რაგბის კავშირის თანამშრომლები იმყოფებიან.

რაგბის კავშირის წევრის, ნოდარ ანდღულაძის განცხადებით, შემთხვევა მოულოდნელად მოხდა და ფაქტს წინ დაპირისპირება არ უძღოდა.

„დაპირისპირება არ ყოფილა არანაირი, რაღაცა სპონტანური იყო. არ შევსწრებივარ ფაქტს არაფერს შევსწრებივარ. რაგბის კავშირში ვმუშაობ. გამოძიების გამო არ შემიძლია გითხრათ რა ვუთხარი გამოძიებას“, – განაცხადა ნოდარ ანდღულაძემ.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

რაგბის კავშირში დღეს სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი. როგორც საქართველოს პირველ არხს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა განუცხადა, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ.