რაგბი | სუთიძის და გიგაშვილის ლელოები საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველი დივიზიონის (TOP 14) მე-16 ტურის შეხვედრები, რომლებშიც თავი ორმა ქართველმა ლეგიონერმა გამოიჩინა.

„ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „ლა როშელს“ უმასპინძლა და 53:17 დაამარცხა. ლიონელთა რიგებში მოთამაშე ქართველმა მორაგბეებმა (ნინიაშვილი, საღინაძე) მატჩი სანაკრებო მატჩების გამო გამოტოვეს, თუმცა ამ შეხვედრაში თავი „ლა როშელში“ მოთამაშე ნიკა სუთიძემ გამოიჩინა, რომელმაც 70-ე წუთზე მოახერხა „ლიონის“ ჩათვლის მოედანში ლელოს დადება. ეს TOP 14-ში სუთიძის სადებიუტო ლელოა. „ლა როშელის“ შემადგენლობაში ასევე ითამაშა ალექსანდრე ქუნთელიამ – ორივე ქართველი თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი ლელო დადო ბექა გიგაშვილმა, რომლის „ტულონმაც“ გასვლით მატჩში „მონპელიე“ 38:30 დაამარცხა – გიგაშვილმა თავი 53-ე წუთზე გამოიჩინა და მის მიერ დადებული ლელოს შემდეგ ტულონელები 32:16 დაწინაურდნენ.