რაგბი | სერგო აბრამიშვილი და გიორგი ჯავახია ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ #1TVSPORT
რაგბი | სერგო აბრამიშვილი და გიორგი ჯავახია ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ #1TVSPORT

გასულ უქმეებზე გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველი (TOP 14) და მეორე დივიზიონის (PRO D2) მატჩები.

ამ შეხვედრებში ქართველ ლეგიონერებს შედეგიანი მოქმედებებით თავი არ გამოუჩენიათ, თუმცა ორი ქართველი მორაგბე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

TOP 14-ში „სტად ფრანსესა“ და „კლერმონის“ შეხვედრა ფრედ 14:14 დასრულდა, მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა, სერგო აბრამიშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 54 წუთი ითამაშა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. „კლერმონის“ შემადგენლობაში 68-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში გიორგი ძმანაშვილი.

PRO D2-ში „გრენობლმა“, რომელიც სატურნირო ცხრილშე მე-12 ადგილზეა, საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი, მესამეადგილოსანი „პროვანსი“ ბონუსქულით (45:10) დაამარცხა. მასპინძელთა შორის გიორგი ჯავახია სასტარტო შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

„გრენობლის“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი ირაკლი აფციაური 65-ე წუთზე შეცვალეს.