რაგბი | საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში უელსს გადაასწრო #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში უელსს გადაასწრო #1TVSPORT

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნიდერლანდები 40:7 დაამარცხა. მართალია, ამ გამარჯვებით „ბორჯღალოსნებს“ რეიტინგში ქულა არ მიმატებიათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ერთი საფეხურით მაინც დაწინაურდნენ და უელსის ნაკრებს გადაასწრეს, ვინაიდან უელსელები ექვსი ერის მეორე ტურში იტალიასთან 15:22 დამარცხდნენ და ქულა დააკლდათ.

შედეგად, მსოფლიო რაგბის რეიტინგში საქართველოს ნაკრები 73,85 ქულით მე-11 პოზიციაზე დაწინაურდა, უელსელები 73.75 ქულით მე-12 პოზიციაზე დაქვეითდნენ. მე-10 ადგილზე მყოფ იტალიის ნაკრებს 78,67 ქულა აქვს, ხოლო მე-9 ადგილოსან ფიჯის – 80,07.

მსოფლიო რაგბის რეიტინგს სათავეში სამხრეთ აფრიკა (92.77) უდგას, მეორე ადგილზე ირლანდიაა (91.36), მესამე პოზიციას კი ახალი ზელანდია (90.36) იკავებს.