რაგბი | ზედიზედ მეხუთედ - საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს მორაგბთა ნაკრებმა თბილისში, „დინამო არენაზე“, ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი გამართა მსოფლიო რეიტინგის მე-18 ადგილზე მყოფი ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ და 34:18 მოიგო.
„ბორჯღალოსნებს“ ურუგვაის წინააღმდეგ აქამდე ჩატარებული 6 შეხვედრიდან 4 მოგება და 2 წაგება ჰქონდათ. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 2003 წლის მსოფლიო თასიდან იღებს სათავეს. მაშინ სამხრეთამერიკელმა მეტოქემ 24:12 გაიმარჯვა. ერთი წლის შემდეგ ურუგვაისთან მონტევიდეოშიც დავმარცდით.
აქედან მოყოლებული ზედიზედ ოთხი თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 2008 წელს სამხრეთამერიკელებს 20:18 ვძლიეთ, 2013 და 2015 წლებში შესაბამისად, 27:3 და 19:10 მოვუგეთ, 2019 წელს კი იაპონიაში, მსოფლიო თასზე 33:7 დავამარცხეთ.
ურუგვაისთან მოგებების სერია „ბორჯღალოსნებმა“ 6 ნოემბერსაც განაგრძეს.
შეხვედრის პირველივე წუთზე სტუმართა ნაკრებმა მოედნის ცენტრთან ახლოს ჯარიმის უფლება მოიპოვა, ბერჩესმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა 0:3.
ქართველებმა მალევე გაათანაბრეს – აბჟანდაძემ ურუგვაელთა ჯარიმას ჯარიმითვე უპასუხა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების უპირატესობა თანდათან გამოიკვეთა, რაც მალე ანგარიშშიც აისახა – მე-10 და 21-ე წუთებზე ბექა გორგაძემ ორი ლელო გაიტანა, თედო აბჟანადაძემ კი გარდასახვა ორჯერვე ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები 17:3 დაწინაურდა.
ასეთი სხვაობის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ თოთქოს ცოტა მოეშვნენ, მეტოქე კი შედარებით გააქტიურდა და 29-ე წუთზე სტუმრებმა ერთი გარდასახული ლელოთი ანგარიში შეამცირეს – 17:13.
ტაიმის ბოლო ნაწილი კვლავ ქართელების აქტიურობით აღინიშნა და ერთ-ერთი სწრაფი შეტევის შემდეგ, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბექა გორგაძემ ამ შეხვედრაში თავისი მესამე ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ კი კვლავ ზუსტად გარდასახა და ტაიმი 24:13 მოვიგეთ.
მეორე ნახევრი დაიწყო თუ არა, ჩვენმა მორაგბეებმა სწრაფი და ლამაზი შეტევა განახორციელეს, რომელიც პაპიძის ლელოთი დასრულდა.
55-ე წუთზე არბიტრმა თედო აბჟანდაძეს ყვითელი ბარათი უჩვენა და 10 წუთით კაცნაკლულნი დაგვტოვა. რიცხვობრივი უპირატესობით ურუგვაიმ ისარგებლა და 65-ე წუთზე მეორე ლელო გაგვიტანა.
დარჩენილ დროში ორივე გუნდის მცდელობების მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა – 34:18.
საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 12 ნოემბერს ისევ თბილისში, „დინამო არენზე“ გამართავს. „ბორჯღალოსნების“ მეტოქე სამოას ნაკრები იქნება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
ფოტოები და ვიდეო რაგბის კავშირის ფეისბუკის გვერდიდან