რაგბი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ნიდერლანდები 29:10 დამარცხა და ფინალში ითამაშებს.

პირველი ქულები ქართველმა მორაგბეებმა ტაიმის ბოლოს მოიპოვეს – აუტიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში მოლი „ააგორეს“, რომელიც შოთა ხელაძემ ლელოთი დააგვირგვინა, ბუბა ნოზაძემ კი ზუსტად გარდასახა – 7:0. შესვენებამდე ნიდერლანდელმა მორაგბეებმა ერთი ჯარიმის გატანა მოხერხეს და ტაიმი ქართველებმა 7:3 მოიგეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შეცვლებს მიმართა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც თანდათან ანგარიშშიც აისახა – ქართველმა ჭაბუკებმა ტაიმის ბოლომდე ოთხი ლელო გაიტანეს, მატჩის მიწურულს ნიდერლანდელებს საჯარიმო ლელო ჩაუთველეს და საბოლოოდ შეხვედრა ქართველებმა 29:10 მოიგეს.

საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება.


საქართველო-ნიდერლანდები 29:10


ლელო: ხელაძე, კეშელავა, ხახუბია, მესხიძე, დვალი

გარდასახვა: ნოზაძე, სირბილაძე