რაგბი | რიჩარდ კოკერილი - ჩვენი მიზანი მსოფლიო თასის წილისყრამდე 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტმატჩებისთვის მზადება „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დაიწყო და გულშემატკივრებისთვის ღია ვარჯიში გამართა, რომლის შემდეგაც „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა გორგაძემ მოახლოებული მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთეს.
რიჩარდ კოკერილი – „საწვრთნელი პროცესით, შერჩეული გუნდით და მორაგბეების ფორმით კმაყოფილი ვარ. საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერებიც შემოგვიერთდნენ, რაც ძალიან კარგია. მოახლოებულ ტესტმატჩებზე გულშემატკივრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იქნება. გვჯერა, რომ კარგად ვითამაშებთ და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას მივაღწევთ.
ჩვენი მიზანი მსოფლიო თასის წილისყრამდე 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა, რისთვისაც სამივე თამაშის მოგება გვმართებს, ამიტომ ჩვენი შესაძლებლობები საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინოთ“.
ბექა გორგაძე – „სამივე თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვცდილობთ, მსოფლიო რეიტინგში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ, რაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრის წინ მნიშვნელოვანია. პირველივე თამაშიდან გვექნება შესაძლებლობა, რომ თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ და მთავარი გამოწვევისთვის – იაპონიასთან მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ.
ის, რომ აშშ-ის ნაკრები შოტლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა, არაფერს ნიშნავს. ჩვენ წინააღმდეგ ისინი ყოველთვის კარგად თამაშობენ. მოსამზადებლად ბევრი დრო არ გვაქვს, თუმცა მობილიზებულები ვართ, რათა პირველ თამაშს მაქსიმალურად მზად შევხვდეთ“.