რაგბი | ქართველი ლეგიონერების შედეგიანი ტური საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
რაგბი | ქართველი ლეგიონერების შედეგიანი ტური საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე (PRO D2) დივიზიონში ქართველმა მორაგბეებმა მორიგი შედეგიანი მატჩები გამართეს.

„ოიონა“ – „ვალანსი“ 55:8. მასპინძელთა შემადგენლობაში ორმა ქართველმა გამოიჩინა თავი – ვანო კარკაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ლელომ მიითვალა, ლუკა მატკავა კი შეცვლაზე შევიდა და ზუსტად სამი გარდასახვა დაარტყა.

„ნევერი“ – „ბიარიცი“ 38:24. „ნევერის“ გამარჯვებაში თავისი წვლილი ლუკა პეტრიაშვილმაც შეიტანა, რომელმაც ლელო დადო (მიმდინარე სეზონში მესამე). „ნევერის“ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს თამაში პეტრიაშვილმა და ილია კაიკაციშვილმა, ხოლო ლაშა ფხაკაძე, ნიკოლას რაგოევი და დავით მჭედლიძე შეცვლაზე შევიდნენ.

„ორიაკი“ – „ვანი“ 17:22. „ორიაკის“ შემადგენლობაში კვლავ გამოიჩინა თავი დაჩი პაპუნაშვილმა, რომელმაც ამჯერად ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა გაიტანა და ზედიზედ ხუთ მატჩში შეძლო თავისი გუნდისთვის ქულების მოტანა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე ითამაშა მიხეილ ალანიამ.