რაგბი | პეტრიაშვილის ლელო ზედიზედ მეორე თამაშში და პაპუნაშვილის გადამწყვეტი ქულები [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა, რომელშიც ქართველმა მორაგბეებმაც გამოიჩინეს თავი.
დაძაბული მატჩი გაიმართა გრენობლში, სადაც „გრენობლმა“ „პროვანსს“ 24:23 სძლია. ამ თამაშში სამმა ქართველმა მოახხერხა ლელოს დადება – „გრენობლიდან“ გიორგი კვესელაძემ და გიორგი ჯავახიამ, „პროვანსიდან“ კი თორნიკე ჯალაღონიამ.
კვესელაძისა და ჯალაღონიასთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი ლელოა, ჯავახიამ კი თავი მეორედ გამოიჩინა.
ზედიზედ მეორე მატჩში დადო ლელო „ნევერში“ მოთამაშე ლუკა პეტრიაშვილმა, მისმა გუნდმა „ანგულემი“ 33:10 დაამარცხა. ამ სეზონში ეს პეტრიაშვილის მეოთხე ლელოა.
კვლავ შედეგიანი მატჩი ჩაატარა „ორიაკში“ დაჩი პაპუნაშვილმა. მისმა გუნდმა სტუმრად „ბიარიცს“ 19:13 მოუგო, ხოლო ამ 19 ქულიდან 14 პაპუნაშვილის ანგარიშზეა – ქართველმა ფულბეკმა ერთი გარდასახვა და ოთხი ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა.