რაგბი | ნინიაშვილმა და გიგაშვილმა საფრანგეთში ლელოები გაიტანეს - სამი ქართველი სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT
სანაკრებო შეხვედრების შემდეგ წარმატებით განაგრძეს ასპარეზობა ქართველმა მორაგბეებმა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში.
„ლიონმა“, სადაც დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე თამაშობენ, საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერი „ტულუზი“ დაამარცხა — 21:14. ნინიაშვილი 79-ე წუთზე შეცვალეს. ნინიაშვილმა 47-ე წუთზე ლელო გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. საღინაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.
ბექა გიგაშვილის „ტულონმა“ სტუმრად, პარიზში „სტად ფრანსეს“ მოუგო 17:12. 56-ე წუთზე ტულონელთა შეტევა გიგაშვილმა ლელოთი დაასრულა და მალევე შეცვალეს.
ტურის შემდეგ ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა, „მიდი ოლიმპიკმა“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი მორაგბე დაასახელა: ბექა გორგაძე („პო“), დავით ნინიაშვილი („ლიონი“) და ბექა გიგაშვილი („ტულონი“).