რაგბი | ლადო კილასონია - ვფიქრობთ, ირლანდიასთან თამაშისთვის მზად ვართ #1TVSPORT
29 ივნისს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება. ტურნირს იტალია უმასპინძლებს და მასში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩს 29 ივნისს ირლანდიელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარებენ – შეხვედრა იტალიის ქალაქ კალვიზანოში 20:00 საათზე დაიწყება.
იტალიაში საქართველოს ნაკრებმა ერთობლივი ვარჯიში გამართა ავსტრალიის ნაკრებთან. გუნდის მზადებაზე და მომავალ ტურნირზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კილასონიამ გააკეთა:
„ავსტრალიასთან ერთობლივმა ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა. მოკლე ვარჯიში გვქონდა, როგორც გაყოფილად (ხაზი და შერკინება), ასევე გუნდურად. ვფიქრობთ, რომ თამაშისთვის მზად ვართ. გიორგი ხაინდრავას, დავით ლაგვილავასა და ლეონიდე სალდაძის არყოფნა დიდი დანაკლისია, მაგრამ გუნდი შეკრულია, გავლილი გვაქვს როგორც ჩვენი, ასევე მეტოქის თამაშების ანალიზი და ველოდებით 29 ივნისს.
ირლანდიამ ექვსი ერის გათამაშებაში ბოლო ადგილი დაიკავა, მაგრამ ამ დონის გუნდები მსგავსი ჩავარდნის შემდეგ ძალიან ბევრს მუშაობენ. ირლანდიის სასარგებლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ წელს უკვე 9 თამაში აქვს ჩატარებული – ორი ექვს ერამდე, 5 ექვს ერზე და ორიც იტალიაში გამგზავრებამდე. ეს გუნდი ყოველთვის მაღალი დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ექვს ერზე დაკავებულმა ბოლო ადგილმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს.
რაც შეეხება ჩვენს 23-კაციან სათამაშო შემადგენლობას, დიდი ხნის წინ გვქონდა გადაწყვეტილი, რომ მარქაფაში 6 მორკინალი გვეყოლებოდა, რაც იმითაა განპირობებული, რომ ნიკა აბესაძეს თამაში ხაზშიც შეუძლია და შერკინებაშიც.
საქართველოს რაგბის კავშირის დამსახურებით, ბოლო ორი წელია, 18-წლამდელები რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ტურნირში მონაწილეობენ და ეს მოთამაშეების სწრაფ განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ ამითაა განპირობებული, რომ წელს მრავლად გვყავს გუნდში ერთი და ორი წლით უმცროსი მოთამაშეები. ისინი უკვე აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაც 20-წლამდელთა ჩემპიონატს სჭირდება“.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ირლანდიასთან მატჩისთვის:
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);
შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. არჩილ ნოზაძე (აჟენი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. დავით ბარამია (ტულონი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. სანდრო მესხიძე (არმია), 23. ნიკა აბესაძე (ლელო).
თამაშების განრიგი:
29 ივნისი, კალვიზანო | საქართველო – ირლანდია;
4 ივლისი, ვიადანა | საქართველო – ახალი ზელანდია;
9 ივლისი, კალვიზანო | იტალია – საქართველო.
ნახევარფინალები – 14 ივლისს, ხოლო ფინალური თამაშები 19 ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატს იტალია წელს მესამედ უმასპინძლებს. თამაშები ოთხ ქალაქში (კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა) გაიმართება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ახალი ზელანდიის, ირლანდიისა და მასპინძელი იტალიის ნაკრებები ითამაშებენ.
20-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფში – ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია, ხოლო B ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.