რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა მოგებით დაიწყო - „ბორჯღალოსნებმა“ გერმანია დიდი ანგარიშით დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი საქართველოს ნაკრებმა თბილისში გერმანიის წინააღმდეგ შეხვედრით გახსნა და, როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე დიდი ანგარიშით 75:12 დაამარცხა.
გერმანიის ნაკრები ქართველი მორაგბეებისთვის კარგად ნაცნობი გუნდია. აქამდე მათთან ჩატარებული რვავე შეხვედრა ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა. მეტოქემ ჩვენს ნაკრებს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ თამაშში გაუწია – 1995 წელს საქართველომ „დინამო არენაზე“ 14:3 გაიმარჯვა, მას შემდეგ ქართველები სულ დიდი ანგარიშით ამარცხებდნენ მეტოქეს, 2010 წელს კი სარეკორდო სხვაობით – 77:3 მოუგეს. ბოლო შეხვედრა 2019 წელს ქუთაისში შედგა და მასპინძლთა გამარჯვებით 52:3 დასრულდა.
ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ქართველებმა გერმანელებს მეცხრე თამაშშიც დიდი ანგარიშით სძლიეს.
შეხვედრა ჩვენმა მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს და მე-10 წუთისთვის უკვე ორი გარდასახული ლელოთი 14:0 დაწინაურდნენ – დებიუტანტ ოთარ ლაშხისა და აკაკი ტაბუცაძის ლელოები ლუკა მატკავამ შედეგიანად გარდასახა.
საქართველოს ნაკრები დიდ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა, გერმანელებს, ფაქტობრივად, ჩვენს ნახევარზე გადმოსვლის შანსს არ აძლევდა. უპირატესობა თანდათან ანგარიშშიც აისახა, ტაიმის ბოლომდე ტაბუცაძემ ჰეთ თრიკი შეასრულა, რასაც თითო-თითო ლელო მიქაუტაძემ და ჯალაღონიამ მიამატეს, მატკავა კი გარდასახვების შესრულებისას შეუდარებელი იყო – პირველი ტაიმი 42:0 მოვიგეთ.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა ცვლილებები განახორციელეს და თამაშის შესაძლებლობა დებიუტანტებსაც მისცეს. საქართველოს ნაკრები კვლავ ფლობდა უპირატესობას, მაგრამ ერთ ეპიზოდში გერმანელების შეტევა გამოეპარათ და მეტოქემ ლელოს დადება მოახერხა. თუმცა, ამ ლელოს ქართველებმა მალევე გიორგი ცუცქირიძის (რომელმაც, ტაბუცაძის მსგავსად, ჰეთ თრიკი შეასრულა) ლელოთი უპასუხეს – 49:5.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებმა კიდევ ერთი ლელო გაგვიტანეს, მატჩის ბოლომდე საქართველოს ნაკრებს თამაშის სადავეები ხელიდან არ გაუშვია – საბოლოოდ მეტოქეს 11 ლელო გაუტანეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატი ლამაზი მოგებით გახსნეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მე-100 თამაში ჩაატარა და მეხუთე ცენტურიონი გახდა ლაშა მალაღურაძე.
საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს – 11 თებერვალს ნიდერლანდების ნაკრებთან (მატჩი თბილისის დროით 16:15 საათზე დაიწყება) და 18 თებერვალს ესპანეთთან (22:00).
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი ესპანეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში თუ პირველ ადგილს დაიკავებს (რაც, წესით, არ უნდა გაუჭირდეს) ნახევარფინალს ვუმასპინძლებთ, ხოლო მთავარი და ბრინჯაოს ფინალი ესპანეთში გაიმართება.