რაგბი | დავით ნინიაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონატში მეშვიდე ლელო თავის ყოფილ გუნდთან დადო [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ დივიზიონში (TOP 14) მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომელშიც სამმა ქართველა მორაგბემ მოახერხა ლელოს დადება.
დავით ნინიაშვილი „ლა როშელის“ შემადგენლობაში თავის ყოფილ გუნდს, „ლიონს“ დაუპირისპირდა და 24:44 დამარცხდა. ნინიაშვილმა ყოფილი გუნდის ჩათვლის მოედანში ლელოს დადება მოახერხა, რაც საქართველოს ნაკრების ლიდერმა არ აღნიშნა.
ნინიაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მეცხრე ლელო მიითვალა – შვიდჯერ საფრანგეთის ჩემპიონატში გამოიჩინა თავი, ორჯერ კი – ჩემპიონთა თასზე.
„რასინგმა“ საკუთარ მოედანზე „პერპინიანს“ დაძაბულ ბრძოლაში 37:31 სძლია, რაშიც თავისი წვლილი გურამ გოგიჩაშვილმა შეიტანა, რომელმაც 56-ე წუთზე ლელოთი გამოიჩინა თავი და „რასინგი“ 25:17 დააწინაურა.
გურამ გოგიჩაშვილისთვის მიმდინარე სეზონში პირველი ლელო იყო.
დაძაბულად წარიმართა „კასტრისა“ და „კლერმონის“ დაპირისპირებაც, რომელიც „კასტრმა“ 28:23 მოიგო. კლერმონელთაგან მატჩის ბოლო წუთზე ლელო გიორგი ძმანაშვილმა დადო, მაგრამ „კლერმონმა“ თამაში ვეღარ გადაარჩინა. ძმანაშვილმა სეზონში მეორე ლელო მიითვალა.