რაგბი | დაჩი პაპუნაშვილის კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT
რაგბი | დაჩი პაპუნაშვილის კიდევ ერთი შედეგიანი მატჩი საფრანგეთის ჩემპიონატში #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მესამე ტურის მატჩები გაიმართა, რომელშიც კვლავ გამოიჩინეს თავი ქართველმა ლეგიონერებმა, მათ შორის კი აღსანიშნავია „ორიაკის“ ქართველი მორაგბის, დაჩი პაპუნაშვილის კიდევ ერთი შედეგიანი თამაში.

„ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „ბეზიეს“ უმასპინძლა და ბონუსქულით მოიგო – 49:24.

ორიაკელთა 49 ქულიდან 24 პაპუნაშვილის ანგარიშზეა – დაჩიმ ერთი ლელო დადო (ზედიზედ მესამე მიმდინარე ჩემპიონატში), ამას გარდა ხუთი გარდასახვა და სამი ჯარიმა გაიტანა.

„სეზონი ჩვენი გუნდისთვის ძალიან კარგად დაიწყო, ორი მატჩი მოვიგეთ, მათ შორის დღეს ბონუსქულაც მოვიპოვეთ. გასულ კვირაში ბევრი ვიმუშავეთ, რომ „ბეზიე“ დაგვემარცხებინა და ეს შევძელით. ჩემს თამაშს რაც შეეხება, საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, მიხარია, რომ გუნდს ქულები მოვუტანე და გამარჯვებაში ჩემი წვლილიც შევიტანე“, – განაცხადა მატჩის შემდეგ პაპუნაშვილმა.

„ორიაკის“ შემადგენლობაში კიდევ ერთი ლელო ლუკა ნიორაძის ანგარიშზეა, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონში ეს მეორე ლელოა.

„ნევერმა“ საკუთარ მოედანზე „კარკასონი“ 26:17 დაამარცხა. მასპინძელთაგან ერთი ლელო ლუკა პეტრიაშვილმა მიითვალა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მეორედ გამოიჩინა თავი.

კიდევ ერთ მატჩში იყოჩაღა ქართველმა ლეგიონერმა – „მონ დე მარსანმა“ შინ დაძაბულ ბრძლაში 30:28 დაამარცხა „ვანი“. მასპინძელთაგან პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მიმდინარე სეზონში პირველი ლელო დადო ლუკა გოგინავამ (ლუსტალომ გარდასახა) და თავისი გუნდი 17:7 დააწინაურა.

„მონ დე მარსანში“, გოგინავას გარდა, ძირითად შემადგენლობაში ლადო ჩაჩანიძემ ითამაშა.