რაგბი | დაჩი პაპუნაშვილის 16 ქულა საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელშიც შედეგიანობით თავი ამჯერად ერთმა ქართველმა ლეგიონერმა გამოიჩინა.

მეორე დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე „ქართული“ გუნდი „ორიაკი“ სტუმრად „გრენობლთან“ 16:38 დამარცხდა, ორიაკელთა რიგებში 16-ივე ქულა დაჩი პაპუნაშვილის ანგარიშზეა – ქართველმა მორაგბემ ერთი ლელო დადო, რომელიც თავადვე გარდასახა და, ამას გარდა, სამი ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ პაპუნაშვილმა ლელო ზედიზედ მეორე მატჩში დადო, მან თავი პირველ ტურშიც, „კარკასონთანაც“ გამოიჩინა.

„ორიაკის“ შემადგენლობაში ლუკა ნიორაძე, ალექსანდრე ბურდული და დაჩი პაპუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, თედო აბჟანდაძე, ბასა ხონელიძე და გიორგი ქართველიშვილი კი შეცვლაზე შევიდნენ.