რაგბი | „ბორჯღალოსნები“ წლის ბოლო მატჩს აშშ-თან გამართავენ – ბრონკანმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
2026 წლის ბოლო მატჩში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ერთა თასზე აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებს – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაში 18:00 საათზე დაიწყება.
ეს არის მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველი გათამაშების ბოლო შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ორი ჩემპიონი – საქართველო და აშშ შეერკინება. გუნდებმა განვლილი ხუთი მატჩიდან ხუთივე მოიგეს, ოთხში ბონუსქულაც (ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის) აიღეს და 24-24 ქულა მოაგროვეს. საქართველო – ევროპა-აზია-აფრიკის, ხოლო აშშ ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფის ჩემპიონად გამოცხადდა – გამარჯვებულთათვის განკუთვნილი თასები გუნდებს მატჩის შემდეგ გადაეცემათ.
ეს ამ გუნდების მე-9 დაპირისპირებაა, რომელთაგან „ბორჯღალოსნებს“ ხუთი აქვთ მოგებული.
ტონგასთან მოგებული მატჩის (55:31) შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა დამწყებ თხუთმეტეულში ორი ცვლილება განახორციელა.
ძირითადში დაიწყებს თამაშს გელა აფრასიძე, რომელიც ლუკა მატკავას შეუწყვილდება. ცენტრში კვლავ თორნიკე კახოიძე და გიორგი შველიძე შეწყვილდებიან, ფრთებზე დაჩი პაპუნაშვილი და აკაკი ტაბუცაძე დადგებიან, ფულბეკი კი გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილი იქნება. ერთი ცვლილებაა შერკინების ხაზში, სადაც მარცხენა ბურჯის პოზიციაზე სერგი აბრამიშვილი დადგება.
სათადარიგოთა შორის სამი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც ნოემბრის მატჩებში არ უთამაშიათ – ლუკა გოგინავა, თედო აბჟანდაძე და თორნიკე ჯალაღონია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. გელა აფრასიძე;
შერკინება: 1. სერგი აბრამიშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. გაგი მარგველაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 16. ლუკა გოგინავა, 17. გიორგი ახალაძე, 18. ბექა გიგაშვილი, 19. მიხეილ შიოშვილი, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. თორნიკე ჯალაღონია; 22. ვასილ ლობჟანიძე, 23. თედო აბჟანდაძე.