„ბორჯღალოსნებმა“ „საუზერნ კინგსი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხეს
„ბორჯღალოსნებმა“ „საუზერნ კინგსი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხეს

დღეს, მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა.

თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „ბორჯღალოსნები“ სამხრეთაფრიკულ „საუზერნ კინგსს“ დაუპირისპირდნენ და დრამატულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვეს.

უპირატესობას ჩვენი სტუმრები მატჩის დასაწყისშივე დაეუფლნენ და უკვე მეორე წუთზე კატრაკილისმა ჯარიმა გაიტანა – 0-3. ამ მომენტიდან ოთხ წუთში კი სამხრეთაფრიკელებმა ლელო დადეს (სითჰოული), გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს (კატრაკილისი) და ანგარიში უკვე 0-10 გახდა.

მე-15 წუთზე ქათველებმაც დალაშქრეს მეტოქის ჩათვლის მოედანი – ეს აფციაურმა გააკეთა და ანგარიში 5-10 გახდა, თუმცა 22-ე წუთზე სტუმრებმა ისევ დადეს ლელო (ამბადიანგი), გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს (კატრაკილისი) და სხვაობა ისევ გაიზარდა – 5-17.

მეორე ტაიმში, მატჩის 50-ე წუთზე, „საუზერნ კინგსმა“ სხვაობა კიდევ სამი ქულით გაზარდა, 67-ეზე კი ქართველებმა ლელო დადეს და ანგარიში 10-20 გახდა.

დაძაბულობამ მოედანზე კულმინაციას 74-ე წუთზე მიაღწია, როდესაც ქართველმა მორაგბეებმა სამხრეთაფრიკელთა ჩათვლის მოედანთან მეტოქეს ჯარიმა მიაღებინეს და მსაჯმა ტექნიკული ლელო ჩათვალა – 17-20.

საქართველო მატჩის მოსაგებად გაიწია და 77-ე წუთზე კიდევ ერთი ლელო დადო, რასაც ზუსტი გარდასახვაც მიაყოლა და 24-20.

ამის შემდეგ სამხრეთაფრიკელებმა მწვავედ შეუტიეს ქართველების ჩათვლის მოედანს, თუმცა ვერაფერს გამორჩნენ და საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა – 24-20.