რაგბი | ალანიამ და ლობჟანიძემ საფრანგეთის ჩემპიონატში ლელოები მიითვალეს [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მე-9 ტურში ქართველმა მორაგბეებმაც გამოიჩინეს თავი.

„ვანმა“ „ვალანსს“ უმასპინძლა, 64:10 დაამარცხა და ბონუსქულა მოიპოვა. მასპინძელთა შემადგენლობაში ერთი ლელო მიხეილ ალანიამ დადო – ეს მიმდინარე სეზონში მისი მეორე ლელოა. „ვანს“ 9 ტურის შემდეგ 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია.

„ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „ოიონა“ მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში 22:20 გაიმარჯვა. ორიაკელთა შემადგენლობაში 22-დან 17 ქულა საქართველოს ნაკრების მგეზავის, თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, რომელმაც ერთი გარდასახვა და ხუთი საჯარიმო ზუსტად დარტყმა შეასრულა. „ორიაკის“ შემადგენლობაში, აბჟანდაძის გარდა, ირაკლი მჭედლიძემ, ლუკა ნიორაძემ, გიორგი ქართველიშვილმა, ალექსანდე ბურდულმა და ბასა ხონელიძემ ითამაშეს.

„ოიონას“ შემადგენლობაში ერთი ლელო ვასილ ლობჟანიძემ მიითვალა, რომელიც შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ტრავმირებული ჯონათან რურუს ნაცვლად მე-4 წუთიდან ჩაერთო. ეს მიმდინარე სეზონში ლობჟანიძის პირველი ლელოა.

ვანო კარკაძემ მატჩი „ოიონას“ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.