საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მე-18 ტურის მატჩები გაიმართა. გათამაშების ერთ-ერთმა ყველზე „ქართულმა“ გუნდმა, „ორიაკმა“ საკუთარ მოედენაზე „პროვანსი“ 26:17 დაამარცხა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.
ორიაკელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების მგეზავს, თედო აბჟანდაძეს მიუძღვის – გუნდის მიერ მოპოვებული 26 ქულიდან 16 ქართველი მორაგბის ანგარიშზეა – თედომ ოთხი ჯარიმა და ორი გარდასახვა გაიტანა. სულ მიმდინარე ჩემპიონატში მან გუნდს 116 ქულა მოუტანა (2 ლელო, 24 ჯარიმა, 17 გარდასახვა).
„ორიაკის“ სასტარტო შემადგენლობაში თამაში ხუთმა ქართველმა დაიწყო: ირაკლი მჭედლიძემ, ლუკა ნიორაძემ, გიორგი ქართველიშვილმა, მიხეილ ალანიამ და თედო აბჟანდაძემ, დაჩი პაპუნაშვილი კი თამაშში აბჟანდაძის ნაცვლად 70-ე წუთიდან ჩაერთო. სტუმართა რიგებში თორნიკე ჯალაღონია 45-ე წუთზე შეცვალეს.
ამ მოგებით „ორიაკმა“ 34 ქულა დააგროვა და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.