რაფაელ ნადალმა გრუნტზე მეოთხასე მატჩი მოიგო
რაფაელ ნადალმა გრუნტზე მეოთხასე მატჩი მოიგო

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი ბარსელონას ტურნირის ფინალში გავიდა. მან საათსა და 23 წუთში მორიგი მეტოქე გაანადგურა – მსოფლიოს მე-10 ნომერი, ბელგიელი დავიდ გოფენი.

ნადალს პირველ სეტში ბრძოლა მოუწია. გოფენმა პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა და რაფამ დაკარგული მოწოდება მეოთხე გეიმში დაიბრუნა. ესპანელმა ინიციატივა მეცხრე გეიმიდან მოიპოვა – 4:4-დან მოყოლებული, ზედიზედ რვა გეიმი აიღო და 6:4, 6:0 გაიმარჯვა.

გრუნტზე ნადალის მიერ ზედიზედ მოგებული სეტების რაოდენობა 44-მდე ავიდა, თან არც ერთ პარტიაში არ დასჭირვებია ტაი-ბრეიკი.

ესპანელისთვის ეს იყო მეოთხასე მოგება გრუნტის საფარზე. ნადალს ჯერ ბევრი უკლია გილერმო ვილასამდე (659) და მანუელ ორანტესამდე (501), სამაგიეროდ, მოგებათა პროცენტით ლიდერობს – 91.9% (400 მოგება და 35 წაგება).

ფინალში ნადალის მეტოქე 19 წლის ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება. ის საბერძნეთის პირველი წარმომადგენელია 1973 წლის შემდეგ, ვინც ATP-ის ტურნირის ფინალში გააღწია.