მექსიკაში ქალაქ აკაპულკოს ტურნირს მეორე წრიდან გამოეთიშა ესპანელი რაფაელ ნადალი. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან ანგარიშით – 6:3, 6:7(2), 6:7(6) დათმო.
მატჩი სამი საათი და ხუთი წუთი გაგრძელდა. ნადალი აშკარა უპირატესობას ფლობდა, რაზეც ბრეიკ-პოინტების შეფარდება მეტყველებს – ათი ერთის წინააღმდეგ. თუმცა, რაფამ ამ ათი შანსიდან ერთი გამოიყენა და ამის ხარჯზე პირველი სეტი მოიგო.
მეორე და მესამე პარტიებში ბრეიკი არ ყოფილა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ორივე მე-13 გეიმი კირგიოსმა მოიგო. ავსტრალიელმა მესამე სეტის ტაი-ბეიკზე სასწაული მოახდინა – 3:6-ს აგებდა და მის მეტოქეს სამმაგი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ კირგიოსმა ზედიზედ ხუთი ქულა მოიგო და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.