ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალიდან გამოეთიშა რომის „მასტერსს“. ბასილაშვილმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია მსოფლიოს მეორე ჩოგანს, რაფაელ ნადალს.
ესპანელისთვის ეს ხუთშაბათს ჩატარებული მეორე მატჩი იყო. დღის პირველ ნახევარში მან ოთხშაბათიდან გადმოტანილი შეხვედრა მოუგო ფრანგ ჟერემი შარდის – 6:0, 6:1 და მერვედფინალში ბასილაშვილზე გავიდა.
ქართველიც უშანსოდ იყო „გრუნტის მეფის“ წინააღმდეგ. ბასილაშვილმა პირველი სეტის პირველსავე გეიმში ბრეიკ-პოინტი მიიღო მეტოქის მოწოდებაზე, მაგრამ ბრეიკამდე ვერ მივიდა. ამის შემდეგ, ნადალიმ მატჩის ბოლომდე საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ ხუთი ქულა წააგო. მეტოქის გეიმებში კი ესპანელმა 11 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთი ბრეიკი შეასრულა. საბოლოოდ, საათსა და ორ წუთში რაფამ 6:1, 6:0 მოიგო.
ბასილაშვილი და ნადალი მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს პროფესიულ ტურში და ესპანელი 3:0-ს იგებს.
მეოთხედფინალში რაფაელ ნადალი თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოს შეხვდება.