რაფაელ ნადალისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მერვედფინალი 20:00 საათზე დაიწყება
აშშ-ის ღია პირველობაზე დღეს მერვედფინალური ეტაპი იწყება.
მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ესპანელი რაფაელ ნადალისა და ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის მერვედფინალი „ფლეშინგ მედოუს“ საჩოგბურთო კომპლექსის ცენტრალური კორტზე თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ჩოგბურთელები პროფესიულ ტურში ერთმანეთს მეორედ ხვდებიან. მათ პირველ შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა – შარშან, როლან გაროსის მესამე წრეში ესპანელმა მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო ბასილაშვილს – 6:0, 6:1, 6:0.
აქამდე, სწორედ მესამე წრეში გასვლა იყო ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი „დიდი სლემის“ ტურნირებზე. წელს, ნიუ-იორკში სამი მატჩის მოგებით, ქართველმა კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ტურნირის შემდეგ, გააუმჯობესებს პირად რეკორდს ATP-ის რეიტინგში – ბასილაშვილი მინიმუმ 31-ე ადგილზე გადაინაცვლებს.