რაფაელ ნადალი როლან გაროსის მეორე წრეშია
რაფაელ ნადალი როლან გაროსის მეორე წრეშია

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ესპანელ რაფაელ ნადალს როლან გაროსის პირველივე წრეში სერიოზული ტესტის გავლა დასჭირდა. „გრუნტის მეფეს“ დიდი წინააღმდეგობა შეხვდა იტალიელი სიმონე ბოლელისგან, რომელიც მარტო იმის გამო იმსახურებს შექებას, რაც მესამე სეტში გააკეთა.

ნადალისა და ბოლელის მატჩი ორი დღე გაგრძელდა. ორშაბათს, რაფამ მოიგო პირველი ორი სეტი – 6:4, 6:3 და ჩამორჩა მესამეში – 0:3, რის შემდეგაც, წვიმის გამო, შეხვედრა მეორე დღისთვის გადაიდო.

სამშაბათს, თამაშის განახლებისთანავე, ნადალმა დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და ანგარიში გაათანაბრა. ბოლელის შეეძლო კიდევ ერთი ბრეიკის აღება, მაგრამ მერვე გეიმში ოთხი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა.

იტალიელი კიდევ უფრო ახლოს იყო მიზანთან ტაი-ბრეიკზე, სადაც 6:3 დაწინაურდა, მაგრამ ზედიზედ სამი სეტბოლი გაანიავა, 7:6-ზე კიდევ ერთი ასეთი შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ, 9:11 წააგო ტაი-ბრეიკი და მასთან ერთად მატჩი.

ნადალს 2013 წლის შემდეგ, პირველად მოუწია როლან გაროსზე ტაი-ბრეიკის თამაში, 2015 წლიდან მოყოლებული კი ესპანელს პარიზში სეტი არ აქვს წაგებული და ამ სერიის შეწყვეტასთან ძალიან ახლოს იყო ბოლელი, რომელსაც, წესით, ძირითად ბადეში არ უნდა ეთამაშა, რადგან კვალიფიკაცია წააგო. მას თამაში უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვის ტრავმის გამო მოუწია.

მეორე წრეში ნადალი არგენტინელ გვიდო პეიას შეხვდება.