რაფაელ გროსი - ირანთან მოლაპარაკებები რეგიონში შემდგომი კონფლიქტის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს
ირანთან მოლაპარაკებები რეგიონში შემდგომი კონფლიქტის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
რაფაელ გროსიმ მიმდინარე პროცესს „უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი“ უწოდა.
მისი თქმით, ირანთან აშშ-ის ბირთვული შეთანხმება უნდა მოიცავდეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დაკვირვების შესაძლებლობას ადგილზე.
„ქაღალდზე შეთანხმებული პირობების შემოწმებისა და დადასტურების ამ ტიპის შესაძლებლობის გარეშე, ეს მხოლოდ ქაღალდის ნაჭერი იქნება. ასე რომ, ეს ძალიან საგანგებო მომენტია. ეს თვეების ან წლების საკითხი არ არის, თუმცა, შესაძლოა, რამდენიმე კვირის საკითხი იყოს, შევძლებთ თუ არა ისეთი რამის მიღწევას, რაც შესაძლებელი და განხორციელებადია. რაც მთავარია, ამ სამყაროში სამხედრო კონფლიქტის კიდევ უფრო მეტი საფრთხის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს რეგიონში, რომლის არასტაბილურობის ახსნა ამ მომენტში არ მჭირდება. იცით, რომ ეშმაკი დეტალებში იმალება. ამიტომ, ეჭვი არ მეპარება მათ დახმარების სურვილში, მაგრამ შემდეგ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამის კონკრეტულ ქმედებებში ასახვას: კამერები, ინსპექტორები, ადგილები, ადამიანებისთვის წვდომა. ბევრი რამ არის, რაც მათ იციან, რომ უნდა გააკეთონ და იმედი მაქვს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ამის გაკეთების საშუალებას მოგვცემენ“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.