რაფაელ გროსი - ირანს შეუძლია ურანის გამდიდრება, მაგრამ ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმების თანახმად, უნდა იყოს უზრუნველყოფილი შემოწმება
ირანს შეუძლია ურანის გამდიდრება, მაგრამ, ბირთვული გაუვრცელებლობის შეთანხმების თანახმად, უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამდიდრებული ურანის შემოწმება, – ამის შესახებ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
გროსის თქმით, შემოწმება საჭიროა გასარკვევად, არის თუ არა ის დალუქული და სხვა მიზნებისთვის ხომ არ არის გადამისამართებული.
„ჩვენთვის შესაბამისობა ნიშნავს ინსპექტირების სრული წვდომის მოპოვებას“, – აღნიშნა რაფაელ გროსიმ.
ისრაელმა გასულ წელს აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდის ჩატარებამდე 48 საათით ადრე დაიწყო ომი.
გროსის თქმით, ირანის დაბომბვის შესახებ ისრაელის გადაწყვეტილებამ ასევე შეაფერხა ირანში ახალი ობიექტის დაგეგმილი ინსპექტირება.
„ომამდე ცოტა ხნით ადრე ირანმა ისპაჰანში ახალი მიწისქვეშა ობიექტის გახსნა გამოაცხადა და ჩვენ მაშინვე მოვითხოვეთ მასზე წვდომა. წვდომა მოგვცეს და ჩვენი ვიზიტი 13 ივნისს იყო დაგეგმილი“, – განაცხადა რაფაელ გროსიმ.