რაფაელ ბენიტესი ლა ლიგაში დაბრუნდა, ესპანელმა მწვრთნელმა „სელტა“ ჩაიბარა #1TVSPORT
რაფაელ ბენიტესი ლა ლიგაში დაბრუნდა, ესპანელმა მწვრთნელმა „სელტა“ ჩაიბარა #1TVSPORT

„ვიგო სელტამ“ ესპანელი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა. 63 წლის სპეციალისტმა ლა ლიგის გუნდთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რაფაელ ბენიტესი ბოლოს „ევერტონში“ მუშაობდა და თანამდებობიდან 2022 წლის 16 იანვარს, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

თავისი კარიერის მანძილზე ბენიტესი მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდში, „ოსასუნაში“, „ვალიადოლიდში“, „ექსტრემადურაში“, „ტენერიფეში“, „ვალენსიაში“, „ლივერპულში“, „ინტერში“, „ჩელსიში“, „ნაპოლიში“, მადრიდის „რეალში“, „ნიუკასლში“, „დალიანსა“ და „ევერტონში“ მოღვაწეობდა.

ესპანელმა „ვალენსიას“ ორჯერ ლა ლიგა და ერთხელ უეფა-ს თასი მოაგებინა, „ლივერპულთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა 2005 წელს, ხოლო ლონდონის „ჩელსიში“ ყოფნის დროს ევროპა ლიგის ტიტულს დაეუფლა.

ბენიტესი ერთხელ – ლა ლიგის, ხოლო ორჯერ უეფა-ს წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. მისმა ახალმა გუნდმა, „ვიგო სელტამ“ გასული სეზონი ესპანეთის ჩემპიონატში მე-13 ადგილზე დაასრულა.