RAF Fairford-ის ავიაბაზასთან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიების ფარგლებში, ტერორისტული აქტების მომზადების ეჭვის საფუძველზე, ბრიტანეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი დააკავეს
RAF Fairford-ის ავიაბაზასთან დაკავშირებულ ინციდენტზე, ტერორისტული აქტების მომზადების ეჭვის საფუძველზე, ბრიტანეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, 25 წლის მამაკაცი ლონდონში, ვესტმინსტერში დააკავეს. ამავე ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.
„კონტრტერორისტული პოლიცია ყველა შესაძლო მიმართულებას, მათ შორის უცხო სახელმწიფოს ჩართულობასაც, განიხილავს“, – განაცხადა პოლიციის ეროვნული კოორდინატორის მოადგილემ, ვიკი ევანსმა.
პოლიციამ თავდაპირველად განაცხადა, რომ ბრიტანეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი 27 წლის იყო და კიდევ ერთი მამაკაცი დაკითხეს, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო.
ცნობისთვის, 27 სექტემბერს Fairford-ის ბაზასთან, რომელსაც აშშ-ის სამხედრო ავიაცია იყენებს, სამი ფურგონის მახლობლად მყოფი ხუთი ახალგაზრდა დააკავეს. მეორე დღეს ისინი პოლიციის მიერ დაწესებული პირობებით გაათავისუფლეს. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ფურგონებში, თავდაპირველი ცნობების საპირისპიროდ, ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოუჩენიათ და იქ მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ბენზინი იყო.