რადოსლავ სიკორსკის ცნობით, ემანუელ მაკრონი პარიზში საგანგებო სამიტს იწვევს, რომელზეც ევროპელი ლიდერები „დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ გამოწვევებს ძალიან სერიოზულად განიხილავენ“
რადოსლავ სიკორსკის ცნობით, ემანუელ მაკრონი პარიზში საგანგებო სამიტს იწვევს, რომელზეც ევროპელი ლიდერები „დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ გამოწვევებს ძალიან სერიოზულად განიხილავენ“

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტს იწვევს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

სიკორსკის თქმით, ევროპელი ლიდერები „ძალიან სერიოზულად“ განიხილავენ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა ჩვენი ლიდერები პარიზში მიიწვია“, – განაცხადა სიკორსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

„პრეზიდენტ ტრამპს აქვს მოქმედების მეთოდი – დაზვერვა ბრძოლის მეშვეობით: შენ აწვები და უყურებ რა მოხდება, შემდეგ კი პოზიციას იცვლი… და ჩვენ საპასუხო რეაგირება გვჭირდება“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირის ორი ოფიციალური პირის განცხადებით, შეხვედრა ორშაბათს გაიმართება. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ყველა ლიდერი თუ მხოლოდ ქვეყნების მცირე ჯგუფი.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ, რომელიც მიუნხენში სიკორსკისთან ერთად პანელის მონაწილე იყო, არც დაადასტურა და არც უარყო საგანგებო სამიტის გამართვა.

მოგვიანებით სიკორსკიმ სოციალურ მედიაში განაცხადა, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მაკრონის მიწვევით ორშაბათს შეხვედრაზე გაემგზავრება.

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ძალა და ერთიანობა“, – აღნიშნა სიკორსკიმ.