რადოსლავ სიკორსკი - სასიამოვნოა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ასეთი პოზიცია დაიკავა, სუვერენულ ქვეყნებს ჰქონდეთ უფლება, დაიცვან საკუთარი საჰაერო სივრცე
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს ტრამპის განცხადებას ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ. რადოსლავ სიკორსკიმ დადებითად შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, სადაც ტრამპმა აღნიშნა, რომ აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეღწეული თვითმფრინავების ჩამოგდებას.
„სასიამოვნოა, რომ პრეზიდენტ ტრამპმა დღეს ასეთი პოზიცია დაიკავა, რომ სუვერენულ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ უფლება, დაიცვან საკუთარი საჰაერო სივრცე. თუ კუბის თვითმფრინავები აშშ-ის საჰაერო სივრცეში შეფრინდებოდნენ, ვიცით, რა მოხდებოდა“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო-მ უნდა ჩამოაგდოს ის რუსული თვითმფრინავები, რომლებიც მის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ.