რადოსლავ სიკორსკი - რუსეთის მთავრობის ვარაუდით, რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე შეცდომით დაარღვიეს, გაერო-ში რუსეთის ელჩის მტკიცებით, შეუძლებელია, დრონებს პოლონეთამდე მიეღწიათ, რომელ ტყუილს უნდა დავუჯეროთ?
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ რუსეთი ტყუის პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრასთან დაკავშირებით.
ის აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.
„რუსეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ რუსულმა დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე შეცდომით დაარღვიეს, მაშინ როდესაც გაერო-ში რუსეთის ელჩი ამტკიცებს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია, რუსულ დრონებს პოლონეთამდე მიეღწიათ. რომელ რუსულ ტყუილს უნდა დავუჯეროთ?“ – წერს რადოსლავ სიკორსკი.
შეგახსენებთ, გუშინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით მოსკოვის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გამოყენებული დრონების მოქმედების რადიუსი 700 კილომეტრს შეადგენდა.