რადოსლავ სიკორსკი – პოლონეთი რუსეთის მხრიდან პროვოკაციებზე საპასუხო ზომებს ამზადებს
პოლონეთი რუსეთის მხრიდან პროვოკაციებზე საპასუხო ზომებს ამზადებს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა, რომელიც პოლონეთის საზღვართან ახლოს რუსეთის მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მინისტრებთან, შეიარაღებული ძალების მეთაურებსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან გამართა, საფუძვლიანი იყო.
„ეს იყო ძალიან საფუძვლიანი და სერიოზული შეხვედრა, რადგან ვხედავთ, რომ რუსეთი სიტუაციის ესკალაციას ახდენს და პოლონეთის სახელმწიფო ამას სერიოზულად უპასუხებს, რაც ჩვენს უსაფრთხოებას გააძლიერებს“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა, მისივე თქმით, საქმე ეხება მოსახლეობის დაცვასა და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას.
„ჩვენ კრიზისული სიტუაციის „ნაცრისფერ ზონაში“ ვიმყოფებით, ეს უნდა დავაზუსტოთ. შევთანხმდით, რომ მალე მოქმედების სხვადასხვა გეგმა შემუშავდება“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
კითხვაზე, არსებობს თუ არა ისეთი თავდასხმების განმეორების შესაძლებლობა, როგორიც ცოტა ხნის წინ პოლონეთის საზღვართან მოხდა, სიკორსკიმ უპასუხა, რომ რუსეთი ფიქრობს, ამ გზით პოლონეთის დაშინებას შეძლებს.
„ვშიშობ, რომ კი, რადგან რუსეთს წარმოუდგენია, რომ ამ გზით ჩვენს დაშინებას შეძლებს. და, რა თქმა უნდა, როდესაც ის ხედავს, რომ მას უსმენენ, ეს მის ამ რწმენას კიდევ უფრო აძლიერებს. მაგრამ ისინი ცდებიან“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.