რადოსლავ სიკორსკი - პოლონეთ-უკრაინის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები კრიტიკულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს და საპროტესტო აქციებით მათი დაბლოკვა დაუშვებელია
რადოსლავ სიკორსკი - პოლონეთ-უკრაინის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები კრიტიკულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს და საპროტესტო აქციებით მათი დაბლოკვა დაუშვებელია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, პოლონეთ-უკრაინის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები კრიტიკულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს და საპროტესტო აქციებით მათი დაბლოკვა დაუშვებელია.

ამის შესახებ სიკორსკიმ უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიკორსკიმ აღნიშნა, რომ საზღვრების უსაფრთხოებზე პასუხისმგებლობა პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება.

„ჩვენ დაწვრილებით უნდა დავაკვირდეთ საპროტესტო აქციების მასშტაბებს, რომელთა გამართვის ნებართვასაც ჩვენი სასამართლოები გასცემენ“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

ცნობისთვის, პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან საპროტესტო აქცია 23 ნოემბერს წამოიწყეს. მათი თქმით, მთავრობამ არ შეასრულა დაპირება და სასოფლო-სამეურნეო გადასახადი 2023 წლის ნიშნულზე არ დატოვა. ასევე, ფერმერები შეშფოთებას გამოთქვამენ, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით.

ამჟამად ფერმერების აქცია 10 დეკემბრამდეა შეჩერებული. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის სრულად ბლოკირებას აპირებენ.