რადოსლავ სიკორსკი – მტკიცედ ვუჭერ მხარს „ევროპული ლეგიონის“ შექმნას, რომლის შემადგენლობაში უკრაინელი ვეტერანების ჩართვაც იქნება შესაძლებელი
ევროპას გაცილებით ღრმა სამხედრო ინტეგრაცია და მუდმივი „ევროპული ლეგიონის“ შექმნა სჭირდება, რომელიც ნატო-ს შეავსებს და მის შემადგენლობაში უკრაინელი ვეტერანების ჩართვაც იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ გამოცემა Kathimerini-სთან ინტერვიუში განაცხადა.
სიკორსკის განცხადებით, შეერთებული შტატები კვლავ რჩება კოლექტიური თავდაცვის შეუცვლელ საყრდენად და ევროპას უნიკალურ ტექნოლოგიურ და სადაზვერვო შესაძლებლობებს მიაწვდის, თუმცა უშუალოდ ადგილზე ძირითადი სამხედრო სამუშაო ევროპამ უნდა შეასრულოს.
„მე მტკიცედ ვუჭერ მხარს „ევროპული ლეგიონის“ შექმნას – მიზანმიმართულ მუდმივ ძალას, რომელსაც შეეძლება უფრო ფართო ევროპული ოჯახის წევრი ქვეყნებიდან გამოცდილი პროფესიონალების, მათ შორის, ომის შემდეგ ბრძოლის გამოცდილების მქონე უკრაინელი ვეტერანების რეკრუტირება“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საუბარი არ ეხება ნატო-ს ალტერნატივის შექმნას ან ალიანსის არსებული სტრუქტურების დუბლირებას. მისი თქმით, მიზანია ნატო-ს ფარგლებში ევროპის უფრო ძლიერი სამხედრო საყრდენის შექმნა.
ამასთან, სიკორსკიმ ისაუბრა ევროპისთვის რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე.
მისი თქმით, რუსეთი ევროპული საზოგადოებების წინააღმდეგ აქტიურ ჰიბრიდულ ომს უკვე აწარმოებს, მათ შორის დივერსიების, დეზინფორმაციის, კიბერთავდასხმებისა და პროვოკაციების გზით.
სიკორსკის განცხადებით, რაც უფრო ცუდად ვითარდება რუსეთისთვის ვითარება უკრაინის ბრძოლის ველზე, მით უფრო აგრესიულად ცდილობს კრემლი დასავლეთის დესტაბილიზაციას.
ამასთან, სიკორსკიმ რუსეთის აგრესიის დასასრულებლად მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ნებისმიერი გრძელვადიანი შეთანხმება უკრაინის მონაწილეობის გარეშე ვერ იქნება მდგრადი.
„ჩვენს რეგიონში ნებისმიერი გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინელების მხარდაჭერის გარეშე ვერ დამყარდება. ეს უნდა იყოს მშვიდობა, რომელსაც რეალურად კიევი და მოსკოვი მოაწერენ ხელს“, – განაცხადა სიკორსკიმ.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპამ, განსაკუთრებით კი პოლონეთმა, წამყვანი როლი უნდა შეასრულოს, რადგან ევროპელები ყოველდღიურად ხდებიან რუსეთის მხრიდან განხორციელებული ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნეები.