რადოსლავ სიკორსკი – ჰეი, ილონ მასკ, დიდო კაცო, შეწყვიტე „სტარლინკის“ პოლონელი მომხმარებლების დისკრიმინაცია, თორემ შესაძლოა, გადავხედოთ თქვენი მომსახურებისთვის ყოველწლიური დაფინანსების საკითხს

01:16, 13.08.2026

ჰეი, ილონ მასკ, დიდო კაცო, შეწყვიტე „სტარლინკის“ პოლონელი მომხმარებლების დისკრიმინაცია, თორემ შესაძლოა, გადავხედოთ თქვენი მომსახურებისთვის ყოველწლიურად 50 მილიონი დოლარის გადახდის საკითხს, – დაწერა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სოციალურ ქსელში.

გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, სიკორსკის უკმაყოფილება ილონ მასკის სატელიტური კავშირის სისტემა „სტარლინკის“ იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, პოლონეთი ევროპის საერთო როუმინგის ზონიდან გამორიცხეს. ეს ზონა 30-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის გერმანიას, ჩეხეთს, სლოვაკეთსა და ლიეტუვას მოიცავს. ამ ზონაში მომხმარებლებს შეუძლიათ, „სტარლინკის“ ტერმინალები საზღვრებს შორის ისე გადაიტანონ, რომ საერთაშორისო გამოყენების შეზღუდვები არ ამოქმედდეს. პოლონელ მომხმარებლებს კი საზღვარგარეთ მოგზაურობისას დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ.

„სტარლინკში“ არ დაუკონკრეტებიათ, რატომ გამორიცხეს პოლონეთი ევროპის როუმინგის ზონიდან.

პოლონეთის ციფრულ საქმეთა მინისტრმა კშიშტოფ გავკოვსკიმაც გააკრიტიკა მასკი და „სტარლინკის“ მშობელი კომპანია „სფეის იქსი“ პოლონელი მომხმარებლების „მეორეხარისხოვან მომხმარებლებად“ მიჩნევაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, ეს სიკორსკისა და მასკის პირველი დაპირისპირება არ არის. როგორც „პოლიტიკო“ წერს, გასულ წელს, მას შემდეგ, რაც სიკორსკიმ გააფრთხილა, რომ ვარშავამ, შესაძლოა, უკრაინისთვის დაფინანსებული „სტარლინკის“ სატელიტურ მომსახურებაში ალტერნატიული პროვაიდერები მოიძიოს, მასკმა პოლონეთის მინისტრს უპასუხა: „გაჩუმდი, პატარა კაცო“.

მსგავსი